ზურაბ ჭავჭანიძეს, ნანა სანდერს და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 11 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირს ბრალდება წარუდგინა და ცამეტივესთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულები არიან  ვლადიმერ გველესიანი, ნიკა გვენცაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გოჩა ყატაშვილი, გურიელ ქარდავა, ზურაბ ჭავჭანიძე, კონსტანტინე კოკაია, სულხან აბრალავა, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, საბა კორძაია და ნანა სანდერი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა  და გიორგი კირვალიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობაზე იერიში მიიტანეს.

„შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა - კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ კი წესრიგის აღსადგენად მობილიზებული სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დაიდენტიფიცირებულია ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედების - ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი - ნანა სანდერი. იგი სოციალური ქსელის გამოყენებით, აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ორგანიზებას და ძალადობისკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის შესაძენად ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირებისთვის საჭირო გარემოებებთან დაკავშირებით. იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული თუ მსჯავრდებული პირების განთავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისაგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორი ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს, 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

პროკურატურამ კობა ეპიტაშვილს და საბა კორძაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს და გიორგი კირვალიძეს ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ნანა სანდერი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატმა ნინო ლომინაძემ განაცხადა, რომ ზურაბ ჭავჭანიძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

„ის ამბობს, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და განზრახვაც არ ჰქონია, რომ ვინმეზე ეძალადა. პირიქით, მოუწოდებდა ძალადობრივ ქმედებას თუ ვინმე ახორციელებდა, შეეწყვიტათ და რომ ეს არ იყო ეთიკური ფორმა. ჯერჯერობით ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გვაქვს. გავეცნობით მტკიცებულებებს და ამის შემდგომ უკვე სასამართლოში დავაფიქსირებთ ოფიციალურად პოზიციას“, - თქვა ნინო ლომინაძემ.

4 ოქტომბრის საქმეზე, ამ დროისთვის, 36 ადამიანია დაკავებული. სასამართლომ 13 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ოქტომბერს დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები -  პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

6 ოქტომბერს ცნობილი გახდა 13 პირის დაკავების შესახებ. ესენი არიან: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი, კახა მჟავანაძე,  ვახო ფიცხელაური, ბექა მაჭავარიანი, თორნიკე მჭედლიშვილი, დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშვიაშვილი, გიორგი რურუა, დავით სტურუა და მანუჩარ მიქელაძე.

7 ოქტომბერს კიდევ 5 პირი დააკავეს - ნანა სანდერი, ვლადიმერ გველესიანი, კობა ეპიტაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე და ნიკა გვენცაძე.

8 ოქტომბერს დაკავებულ 13 პირს შორის არიან:  საბა კორძაია, ზურაბ ჭავჭანიძე, კონსტანტინე კოკაია, გურიელ ქარდავა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა და გიორგი კირვალიძე. დანარჩენი დაკავებულების ინიციალებია: ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., ბ.ქ. და გ.კ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.