აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრ პოლიტიკას მხარი დაუჭირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
პირველი გადაწყვეტილებით, აშშ-ის მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, საზღვარზე მისული თავშესაფრის მაძიებლები ქვეყანაში არ შეუშვას და უკან, მექსიკაში გააბრუნოს.
6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში, სადაც მოსამართლეთა პოზიციები იდეოლოგიური ნიშნით გაიყო, სასამართლომ დაადგინა, რომ ფედერალური კანონი არ ავალდებულებს მთავრობას, განიხილოს იმ მიგრანტის თავშესაფრის მოთხოვნა, რომელმაც მიაღწია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, მაგრამ აშშ-ის ტერიტორიაზე ფეხის დადგმა აეკრძალა.
1986 წლის საიმიგრაციო კანონის თანახმად, თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ფიზიკურად იმყოფება ან „ჩამოდის“ (arrives in) აშშ-ში. უზენაესი სასამართლოს უმრავლესობის სახელით მოსამართლე სამუელ ალიტომ განმარტა, რომ სიტყვა „ჩამოსვლა“ მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიაზე ფიზიკურად შესვლას. მან ვითარება სახლის სტუმარს შეადარა და თქვა: „სტუმარი არ ითვლება სახლში მოსულად, როდესაც ის ჯერ კიდევ წინა კარზე აკაკუნებს“. მოსამართლე სონია სოტომაიორმა მკაცრად გააკრიტიკა ეს მიდგომა და განაცხადა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო
„უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. უფრო მეტი ადამიანი შეეცდება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ზოგიერთი ამას შეძლებს, ზოგი კი - ვერა.“
უფლებადამცველების შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის აშშ-ის, როგორც ლტოლვილთა უფლებების დამცველი გლობალური ლიდერის პოზიციას.
მეორე გადაწყვეტილებით, მთავრობას მიეცა უფლება, გააუქმოს „დროებითი დაცვის სტატუსი“ ომსა და სტიქიურ უბედურებებს გაქცეული ადამიანებისთვის. ეს პირდაპირ უქმნის დეპორტაციის საფრთხეს 350 000 ჰაიტელსა და 6 100 სირიელ მიგრანტს, რომლებიც წლებია აშშ-ში ლეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ. ასევე, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა პროგრამა, რომელიც საერთო ჯამში 17 ქვეყნის 1.3 მილიონ ადამიანს იცავს.

სასამართლოს გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა თეთრი სახლის მრჩეველი, სტივენ მილერი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამერიკის კარები სრულად დახურულია თავშესაფრის მაძიებლებისთვის“.
მილერმა თავშესაფრის მოთხოვნებს „ყალბი“ უწოდა და თქვა, რომ მიგრანტები, უმეტეს შემთხვევაში, „კრიმინალები“ ან „სარგებლის მაძიებლები“ არიან.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმებები, რომელთა მიხედვითაც, თუ თავშესაფარი გსურთ, მოვძებნით მსოფლიოში სხვა ქვეყანას, რომელიც მიგიღებთ. ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან ელეგანტური, ძალიან სრულყოფილი გადაწყვეტილება.
აქამდეც ბევრჯერ მოგისმენიათ ჩემგან საუბარი იმაზე, რომ სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე თავშესაფრის ყველა მოთხოვნა ყალბია. ეს მოთხოვნები ყოველთვის უკავშირდება ისეთ ადამიანს, რომელიც მოდის ქვეყნიდან, სადაც მას არ დევნიან რასის, რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და ა.შ. ნიშნით, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, ისინი მოდიან დასავლეთ ნახევარსფეროს სხვა ქვეყნებიდან, სადაც არ ხდება დევნა რელიგიის ან რასის გამო.
ბევრ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი აქეთ მომავალ გზაზე ათობით სხვა ქვეყანასაც გადიან, სადაც, თუ თავშესაფარი უნდოდათ, ჯერ იქ უნდა მოეთხოვათ. ყველა შემთხვევაში, ისინი არიან ან კრიმინალები, ან სარგებლის მაძიებლები, ეკონომიკური მიგრანტები, სოციალური დახმარების მაძიებლები“, - განაცხადა მილერმა.
აშშ-ში თავშესაფრის მიღების პროცესს შეიძლება წლები დასჭირდეს. განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ განიცადა დევნა ხუთი ნიშნიდან ერთ-ერთის საფუძველზე: რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების გამო.
წლების განმავლობაში აშშ-ში თავშესაფარი მიიღო არაერთმა ქართველმა ყოფილმა საჯარო მოხელემ. ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა, საქართველოს ათასობით მოქალაქე აშშ-ში მექსიკის საზღვრის გავლით მოხვდა.
მიმდინარე წლის აპრილიდან სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის, კონსულო გასაუბრების შემდეგ, $5 000, $10 000 ან $15 000-ის ოდენობის გირაო (bond) უნდა გადაიხადონ.
