საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს - პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. დანაშაული, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან არის დაკავშირებული, სასჯელის ზომად 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
სავარაუდო კორუფციული სქემის დეტალებზე გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა 24 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდება ეყრდნობა მსჯავრდებულ ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლისძმის, ვასილ მხეიძის ჩვენებებს, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს.
„2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.
2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი - ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.
მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.
მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ - გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა - ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება.
შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად. პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.
2026 წლის 23 აპრილს სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმის სხვა ფიგურანტებს, მათ შორის ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასა და ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს, 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ხოლო სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს, ილია ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ბრალის ოფიციალურ წარდგენამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან სამი განცხადება გაავრცელა, სადაც ყოფილ თანაგუნდელებს შანტაჟში, ოჯახზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა. პირველ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გადასცეს წერილი, რომლითაც ახალი კორუფციული საქმის აღიარებას და პოლიტიკიდან სამუდამოდ ჩამოშორებას სთავაზობდნენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, სანაცვლოდ, ჰპირდებოდნენ, რომ ამჟამინდელ 5-წლიან სასჯელს ციხეში გასატარებელ დამატებით წლებს აღარ მიუმატებდნენ. მან საკუთარ და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დააკისრა
„აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის. ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით. თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ“ და სხვა გზა არ დამიტოვეთ... მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ“, - წერდა ღარიბაშვილი თავის ბოლო წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილს 5-წლიანი სასჯელი 2026 წლის იანვარში ფულის გათეთრების აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე შეეფარდა. პატიმრობის გარდა, ღარიბაშვილს დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ასევე ჩამოერთვა ორი ავტომობილი და 6.5 მილიონი აშშ დოლარი.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას ერთ-ერთი პირველი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის წერილები პრევენციულ ხასიათს ატარებდა: „სავარაუდოდ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე“, - განაცხადა კალაძემ.
