ე.წ. გავრილოვის ღამეს დაზარალებულებმა საქმე სტრასბურგს სასამართლოს დიდ პალატაშიც მოიგეს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს დაზარალებულთა საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე (პროცედურული და არსებითი) ასპექტის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა/ეფექტური გამოძიების არარსებობა) დარღვევას 26 განმცხადებლიდან 24-ის მიმართ;
  • მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას 14 განმცხადებლის მიმართ;
  • მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევას 11 განმცხადებლის მიმართ;

ამასთან, დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი (საქმის განხილვისთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულება).

მე-3 მუხლის პროცედურულ ასპექტთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ხუთწელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მას ჯერ არ მოჰყოლია ყველა შესაბამისი გარემოების ყოვლისმომცველი შეფასება ან რაიმე დასკვნა ან ბრალდების წაყენება მომჩივნების მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობის დადგენა, რომლებმაც სავარაუდოდ გამოიყენეს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალა ან გასცეს ასეთი ბრძანება.

მე-3 მუხლის არსებითი ასპექტთან დაკავშირებით, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების რამდენიმე მოთხოვნას პოლიციის მიერ დემონსტრაციების დროს კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვების გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგალითად, მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მიზანმიმართულად - და არა ხალხის მასის ზოგადი კონტროლის საშუალებად - და ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამიზნე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი.

დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, როგორც ზოგადი „ბრბოს კონტროლის იარაღი“.

„სამი-ოთხი საათის განმავლობაში დაახლოებით 800 რეზინის ტყვია იქნა გასროლილი და ხშირად ადამიანების თავებისა და ზედა ტანის მიმართულებით, როგორც ეს 17 განმცხადებლის შემთხვევაში მოხდა.

როგორც იტყობინებიან, დიდი რაოდენობით მრავალჯერადი ჭურვები იყო ნასროლი და არ არსებობს არანაირი მითითება იმისა, რომ მათ გამოყენებამდე პოლიციის თანამშრომლებმა გააკეთეს გაფრთხილება სროლის შესაძლებლობის შესახებ. პირიქით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში ასეთი გაფრთხილებები საჭირო არ იყო. ასევე, როგორც ჩანდა, ოფიცრებს არ ჰქონდათ გავლილი სწავლება რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებში და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს არ მოეთხოვებოდა ბრძანების ჯაჭვის მკაცრად დაცვა.

არაეფექტური გამოძიებისა და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ხარვეზების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებმაც გავლენა მოახდინეს დემონსტრაციის დაშლის წესზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევას“.

რეზინის ტყვიებით დაშავებული ჟურნალისტი

საქართველომ ორ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 75 000 ევრო (თითოეულს), ხოლო ორ მომჩივანს - 85 000 ევრო (თითოეულს) მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. ასევე, საქართველომ ყველა მომჩივანს უნდა გადაუხადოს სხვადასხვა თანხა, რაც გადაწყვეტილებაში იქნება მითითებული, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 22 მომჩივანს ჯამში 38 414 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.

საქმე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დარბევას. საპროტესტო აქცია მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას და რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლას.

მომჩივანი საქართველის 26 მოქალაქე იყო, რომელთაგან ყველა, ერთის გამოკლებით, ან დემონსტრაციის მონაწილეები იყვნენ, ან ჟურნალისტები, რომლებიც პროტესტს აშუქებდნენ. მათი უმეტესობამ დაზიანებები ხელისუფლების მიერ რეზინის ტყვიების („კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები“) გამოყენების შედეგად მიიღო, ნაწილი კი პოლიციის მიერ ძალის გადამეტების მსხვერპლი გახდა.

მომჩივანები კონვენციის მე-3 (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება) მუხლების დარღვევაზე დავობდნენ. ზოგიერთი განმცხადებელი ასევე ამტკიცებდა, რომ დაირღვა 38-ე მუხლი (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულება).

სასამართლოს პალატამ 2024 წლის 7 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევები დაადგინა 26 განმცხადებლიდან 24-ის მიმართებაში. პალატამ თავი შეიკავა მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის არსებით განხილვასთან და მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული საჩივრების დასაშვებობასა და არსებით განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისგან. პალატამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები და გასცა მითითება 46-ე მუხლის (განაჩენების სავალდებულო ძალა და აღსრულება) შესაბამისად, პროტესტის დასაშლელად ძალის გამოყენების შესახებ შიდასახელმწიფოებრივ გამოძიებასთან დაკავშირებით.

2024 წლის 1 აგვისტოს, მომჩივნებმა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთა ინტერესებს იცავდა, მიიჩნევდა, რომ სასამართლოს პალატას შეეძლო კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 მუხლებით გარანტირებულ უფლებათა არსებითი დარღვევის დადგენაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.