სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხიათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს იმ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც იძულებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებას ეხება.
„ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, შეხვედრაზე მადლობა გადავუხადე კოლეგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას:
„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესს და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ჩვენ მზად ვართ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა“.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობა „არის პრაქტიკული ასახვა მათი გაგებისა, როგორი უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობები რეგიონში, რომელიც უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას“.
„ჩვენ გვქონდა საშუალება განგვეხილა მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც ეხება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას. მე ჩემს კოლეგას წარმოვუდგინე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში არსებული უახლესი ინფორმაცია. სომხეთი და აზერბაიჯანი თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ახერხებენ ძირითადად შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების 80%-ზე. აზერბაიჯანისთვის შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მომავალში მიაღწევენ პროგრესს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციაში. „გვაქვს საერთო პოზიციები ამასთან დაკავშირებით გამოხატული“, - აღნიშნა მან.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით წელს უკვე მეორედ ჩამოვიდა. იანვარში, მან და საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“.
