„გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში... მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 2 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 3 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 4 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 5 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
პატრიარქმა ქადაგებაში სიკვდილის აღქმასა და „მესამე დაბადებაზე“ ისაუბრა:
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი. დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი, ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა. მის ხანგრძლივ, მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს ბევრი განსაცდელი, მწუხარება და ტანჯვა აქვს, მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც მის ცხოვრებაში და ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. თვით ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდით, დიდი სიხარულით. ეს დღე, მიძინება ღვთისმშობლისა, რაზე გვაფიქრებს ჩვენ? - ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველი ჩვენგანს მოელის.
უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? - ეს არის რაღაც საშინელი მოვლენა, შეიძლება ითქვას, უაზროც, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით ხოლმე. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ცუდად ვაცნობიერებთ თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი.
თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას, განსაცდელებში, შრომაში. მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ, ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად.
მართლაც დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა მისი დარჩენილი. თუმცა მისი სახელიც კი ლიტონი გახდა, იმიტომ, რომ ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას.
უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ „ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლადო“. გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. წმინდა მამები ამბობენ, რომ „ეს არის ადამიანის მესამე დაბადება მარადიულ ცხოვრებაში“. ადამიანი ხორციელად იბადება, ასევე, იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის. აი, „მესამე დაბადებისთვის“, ჩვენ, სამწუხაროდ, ცუდად ვემზადებით ან საერთოდ არ ვემზადებით.
„მესამე დაბადების“ გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება.
დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე, დავფიქრდეთ ჩვენს ამ „მესამე დაბადების“ თაობაზე. იმ დიდებულ წუთებზე და როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედა ღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებსა და წამებში. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, დღეს პირველი ღვთისმშობლობაა მის გარეშე, ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, რა თქმა უნდა, გვენატრება მისი ლოცვა, მსახურება, მისი სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - აღნიშნა პატრიარქმა.

შიო III-ის აღნიშნულ ქადაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დოროთე ყურაშვილი:
„ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა. თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრუნე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო. და მოწაფე ზრუნავდა მარიამზე თვით სიკვდილამდე. შიო მესამე კი ღვთისმშობლობას მეუბნება, რომ ჩემს ავადმყოფ დედაზე არ ვიზრუნო, მედიკამენტებით ტკივილი არ შევუმსუბუქო, დიალეზზე კვირაში სამჯერ არ ვატარო. პირდაპირ კუბო უყიდეო.
ჰოი საოცრება, არცერთ წმინდა მამას არ უთქვამს მომაკვდავ ადამიანზე არ იზრუნოო, შეიძლება ბევრი წმინდა მამა საკუთარ ავადმყოფობაზე არ ზრუნავდა, მაგრამ სხვისი სნეულების მიმართებით უზრუნველი არავინ ყოფილა“, - წერს მამა დოროთე.
