სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ადგილობრივი ექსპორტის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან 56 180 200 აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3224.5%-იანი ზრდაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც არსებითი სახეცვლილება განიცადა ან გადამუშავების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელვნად გაიზარდა.
საერთო ჯამში, 2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ნავთობი და ნავთობპროდუქტები ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა - ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18% შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 51.0 მლნ. აშშ დოლარით (16.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 24.0 მლნ. აშშ დოლარით (7.7%).
2025 წლის იანვარში საქართველოდან 1 689 900 აშშ დოლარის ნავთობი და ნავთობრპოდუქტები გავიდა, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 0.9% იყო.
გასული წლის ოქტომბერში რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ტანკერ „კაისერით“ ნავთობის პირველი პარტია - 105 340 მეტრული ტონა ციმბირის მსუბუქი კლასის ნავთობი მიაწოდა.
ამავე დროს, ყულევში 2008 წლიდან მუშაობს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ფლობელობაში არსებული ნავთობტერმინალი და საზღვაო პორტი. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში ყულევის პორტის დასანქცირებასაც განიხილავს რუსული ნავთობის გადამუშავების გამო.
„ყულევში მშენებარე ქარხანა, რომელიც ჯერაც არ არის ექსპლუატაციაში შესული, მას არ შეუძლია ნავთობის გამოხდა, ვითომ ეწევა გადამუშავებას და უკვე მზა დიზელი და ბენზინი გააქვს მსოფლიოს ქვეყნებში.
ეს არის სანქციების გვერდის ავლა, ფაქტობრივად, ყულევის ტერმინალში ხდება რუსული ნავთობის ჩამოსხმა, რამდენიმე დღეში ხელახლა გადატვირთვა გემზე და რაღაც მანიპულაციებით მზა პროდუქციის სახით გატანა.
თუ შარშან, მთელი წლის განმავლობაში 80 მილიონი დოლარის მზა პროდუქტი გავიტანეთ ისე, რომ პროდუქციის წარმოება არ შეგვიძლია, ახლა 56 მილიონი დოლარის მზა ნავთობპროდუქტი გავიდა ყულევის ჯერ არარსებული ქარხნიდან.
ეს მანიპულაციები ხდება ყულევის ნავთობტერმინალში. ნედლი რუსული ნავთობი, ქაღალდზე ასეა გაფორმებული, შემოდის და ამ ტერმინალიდან გადის როგორც მზა ნაწარმი, ან მართლაც შემოვიდა ნედლი ნავთობი, დარჩა ამ ტერმინალში, რეზერვუარებში და უკვე აზერბაიჯანული ბენზინი ან დიზელი გავიდა ექსპორტზე.
„სოკარმაც“ უნდა გასცეს პასუხი, რა ხდება, ვინაიდან სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანის და საქართველოს რეპუტაციას“, – ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე.
