„პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ“ - ელისო კილაძის საქმის განხილვა სასამართლომ დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც მოწმეებსა და მათ ოჯახის წევრებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხეზე მიუთითებდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროცესის დახურვას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა თავად ელისო კილაძე. მან საკუთარ იზოლაციასა და უფლებების შეზღუდვაზე ისაუბრა:

„მე არ ვეთანხმები ბრალდების მხარის ამ პოზიციას. ჟურნალისტი ვარ და საჯაროობა მნიშვნელოვანია. თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ბრალს არ ვეთანხმები, მთლიანად ჯგუფის შემადგენლობაში ერთხელ ვარ ნახსენები, არავის ვიცნობ იქიდან ორის გარდა.

არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე „ქოლცენტრს“ გავუწიე რეკომენდაცია. დიახ, მე „ქოლცენტრებს“ ვამხელდი და ეს „ქოლცენტრები“ დავით კეზერაშვილის საკუთრებაში იყო... სპეცრაზმის დანიშნულების თანხლებით დამაკავეს, კორუფციაში მხილებული თანამდებობის არც ერთი პირი ასე არ დაუკავებიათ. მე უნდა მომეცეს საშუალება, ბრალდებებს ვუპასუხო, ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია ვისაუბრო, სასამართლო სხდომაა.

37 წელში ხომ არ ვარ? პროცესი იყოს საჯარო მედიის წარმომადგენლებისთვის. თუ ამის საშუალება არ მომეცა, ჩემი უდანაშაულობა როგორ უნდა ვამტკიცო?

ასე თუ აპირებენ, პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ, რა საჭიროა ეს 9 თვე? გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი პოზიცია და სასამართლო პროცესი არ დახუროთ... ძალიან გული მწყდება, რომ ჯანგველაძის პროცესებს ვერ ვესწრებოდი და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას ვერ დავესწარი“.

სხდომის დაწყებამდე კილაძემ ოჯახის წევრებსაც მიმართა: „წიგნს ვწერ, ვმუშაობ, არ იჯავროთ“ და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად გრძნობს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ეხება (სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლები). ბრალდების მიხედვით, საქმეში ფიგურირებენ ოთარ ფარცხალაძე და სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, როგორც „თაღლითური ქოლცენტრების მფარველები“.

პროკურატურის ვერსიით, ჟურნალისტი მედიაპლატფორმების გამოყენებით დანაშაულებრივი საქმიანობის „კანონიერად წარმოჩენას“ ახდენდა და კონკურენტი ქოლცენტრების შანტაჟში მონაწილეობდა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ჯგუფი უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ 9.5 მილიონ აშშ დოლარს დაეუფლა.

საქმეში ფიგურირებენ გიორგი და დავით მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი და სხვები. მათი ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება და ძებნაა გამოცხადებული.

დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ ელისო კილაძე ესწრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.