რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან. ხეთერელი ცხინვალის ციხეში პატიმრობაში ერთ წელზე მეტი იმყოფებოდა, ხოლო ჯოხაძე სამი დღის წინ დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს სუს-ში.
უჩა ჯოხაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამაც გაავრცელა. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დადგინდა, რომ გორში მცხოვრებ, 1981 წელს დაბადებულ უჩა ჯოხაძეს გზა აებნა და შემთხვევით გადაკვეთა საქართველოსთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „სახელმწიფო საზღვარი“ ლენინგორის (ახალგორის) რაიონის სოფელ ამძარინის (წინაგარი) მიდამოებში. დღეს, 13 სექტემბერს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ჯოხაძე დააჯარიმა და ის „ადმინისტრაციულ გაძევებას“ დაექვემდებარა.
ლაშა ხეთერელის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 12 სექტემბერს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 121-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
დღეის მდგომარეობით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.
