მარნეულში ქორწინების მიზნით 16 წლის გოგონა მოიტაცეს

ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ქორწინების მიზნით 16 წლის გოგონა მოიტაცეს. შემთხვევა გუშინ, 7 ივნისს მოხდა. პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ჯ.ჰ. და 1981 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ჰ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. დანაშაულებრივ ქმედებაში გ.ა.-ც მონაწილეობდა.

ქორწინების მიზნით არასრულწლოვნის მოტაცების შემთხვევები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ადრეულ და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2022 წელს შინაგან შსს-ში შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს.

ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.