ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლით შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მეორე მოსმენით მიღებას და იმ ცრუ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები კანონის დასაცავად იყენებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გამოაქვეყნა:

„მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიზანია კრიტიკული ხმის გაჩუმება და საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ემსახურება მთავრობის კრიტიკულ შემოწმებას.

ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში - რომელსაც ჩვენ 32 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფდით საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გასაძლიერებლად - ძირეულად ძირს უთხრის ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ განვავითარეთ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ უფლებას, რომ მათი ხმა გაიგონ. ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცენ უფლება, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“.

მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-შიც დაწერა, რომ რუსული კანონი „ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“ და გავლენა ექნება საქართველოს მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. აშშ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებას და თავიდან აიცილონ ესკალაცია.

პარლამენტმა მასშტაბური საპროტესტო აქციების გამომწვევი რუსული კანონი 1-ელ მაისს, 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. ორი დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტის შენობის წინ კონტრაქცია მოაწყო, სადაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური გზავნილებით გამოვიდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების „დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება“. ივანიშვილმა აღიარა, რომ რუსული კანონის - რომელიც „ენჯეოების“ შესახებ კანონად მოიხსენია - მიზანი არასამთავრობო სექტორის, ანუ „აგენტურის“, განადგურებაა.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).