„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სადავოდ არ ხდის სპეცრაზმის ინვენტარიზაციის სიას, რომლის ასლიც BBC-მ მოიპოვა და რომელიც შეიცავს ჩანაწერს „ქიმიური ფხვნილი UN3439“-ის შესახებ. კობახიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს UN3439 კოდით ნივთიერებები შესყიდული ჰქონდა, თუმცა უარყოფს მათ შორის „კამიტის“ - პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული და შემდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის - არსებობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წყლის ჭავლში ნივთიერება იყო გარეული და აღნიშნა, რომ „მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული“.
„რაც შეეხება ინფორმაციას „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე პრაქტიკულად მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც შეიძლება უკვე ითქვას. მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, BBC-ის საგამოძიებო მასალაში დასახელებული ნოვთიერებების (ბრომობენზილ ციანიდი („კამიტი“) და ტრიქლორეთილენი) შესახებ შინაგან საქმეთა მოქმედი და ყოფილი მინისტრების განცხადებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდაიყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობითშემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“, – განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა გომელაურმა. მისი კომენტარი 1-ელ დეკემბერს პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. გომელაურის განცხადება მეორე დღეს მოქმედმა მინისტრმა, გელა (გეკა) გელაძემ ფაქტობრივად უარყო.
„ვახტანგ გომელაურმა თქვა ასეთი რამ, რომ ის ნივთიერებები, რაზეც საუბობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი. არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული და მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბატონმა გელა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული. ასე, რომ უთანხმოება არ არის ამ ორ განცხადებას შორის. ზოგადად საუბრობდა ბატონი ვახტანგ გომელაური იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები, ფხვნილი იყო შეძენილი 2009 წელს, თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება ბატონ გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა. შესაბამისად, BBC უკვე არის მხილებული ძალიან უხეშ ტყუილში“, - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ უარყო, რომ ყველა ნივთიერება, რომელსაც UN3439 კოდი აქვს, აკრძალულია.
„ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი, რომელიც აკრძალულია და იქ არის ათობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული. კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არა აკრძალული ნივთიერებები. კოდი არაფერს იძლევა საერთოდ. ამ დროს BBC-მ მიუთითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი, რომ ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული, რაც უხეში ტყუილია“, - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, შესყიდულია თუ არა სახელმწიფოს მიერ ის ნივთიერებები, რომლებიც UN3439 კოდის ქვეშ არის.
„იმ კოდის ქვეშ არის, რა თქმა უნდა. შესყიდვას ექვემდებარებოდა არა აკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა“, - თქვა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ UN3439-ის ქვეშ არსებული ნივთიერებები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის დროს ყოფილიყო გამოყენებული:
„იქნებოდა, სავარაუდოდ, რა თქმა უნდა. ეს ფხვნილი იქნა შეძენილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კოდი არაფერს არ იძლევა, რადგან კოდის ქვეშ არის ათობით ნივთიერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული“.
„უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა. უფრო ადვილია ერთის [ნივთიერების] გამორიცხვა, ვიდრე სრული სპექტრის დადგენა. კამიტი უკვე გამოირიცხა. გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ეს ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას“.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა გამორიცხვა, რომ UN3439-ის კოდით არსებული სხვა აკრძალული ნივთიერებებიც არ გამოუყენებიათ, კობახიძემ თქვა:
„მე ასე მგონია, რადგან, სავარაუდოდ, შსს გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა. თუმცა ეს ჩემი ვარაუდია. ჯობია, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. არ იქნება სერიოზული, გავუსწრო წინ გამოძიებას და გითხრათ, რამდენად აკრძალული ან არააკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და გამორიცხა „ქართული ოცნების“ შესაძლო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
„2009 წელს გარკვეული ფხვნილი, გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თეორიულად თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ასეთ შემთხვევაში, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ თუ ასეთი რამ დადგინდება, გამოდის, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი შეუძენია“, - აღნიშნა კობახიძემ.
„როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ - BBC World Service-მა ამ სათაურით ჟურნალისტური გამოძიება 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერება შეურია.
BBC-მ მოახერხა საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებული იყვნენ, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიურ ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. ამასთან, BBC-მ დაადგინა, რომ ამ ქიმიური ნოვთიერებებიდან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომობენზილ ციანიდია.
BBC-ის მტკიცებულებების - სამედიცინო კვლევის, მოწმეთა ჩვენებების, მამხილებლებთან ინტერვიუებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშების - განხილვის შემდეგ, ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის წამყვანმა ექსპერტმა, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტოფერ ჰოლშტეგმა მიიჩნია, რომ გამოყენებული ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტი იყო.
კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ბრიტანულ მაუწყებელს სამართლებრივი დავის დაწყებით ემუქრება.
