ხაზარაძე: ეს არის მცდელობა, შექმნან ჩვენი პარტიის აკრძალვის საფუძველი

„ეს არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენი პარტიის აკრძალვის რაღაც საფუძველი შექმნან საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ძირითადად პიარკამპანიაა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ წერია, არის სიყალბე“, – განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ხაზარაძე და „ლელოს“ კიდევ ერთ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე 6 ნოემბერს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს და ბრალის დადგენილება გააცნეს.

„ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ ძალიან სერიოზულ პანიკაში არიან. ამის დასტურია ის, რომ დღეს ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის რუსთაველზე დანაშაულებრივი ორგანიზება, მოლოტოვის კოქტეილის დამზადება, მანქანის აფეთქება. თუ რამე შეიძლება ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ყველაფერი ჩაწერეს ამ სულელურ ბრალდებაში. მინდა მივმართო მათ, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ - თუმცა, დიდი მცდელობა გაქვთ - ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ“, – თქვა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აღძრული ახალი სისხლის სამართლის საქმე სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ისახავს მიზნად.

„თქვენ გახსოვთ, შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითაც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული თემის გარშემო. ბათუმსა და თბილისში 9 მილიონი კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს, რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე“, – უთხრა „ლელოს“ ლიდერმა ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ბრალდებულები საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს ინფორმაციას აწვდიდნენ, რის შედეგადაც სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ბიზნესმენებს. გარდა ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“. მიხეილ სააკაშვილს პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებით, ძალადობრივი ქმედებებისა და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“ მოწოდებებს ედავებიან.

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
  • „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
  • „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
  • „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას, ასევე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

8 ოპოზიციონერი ლიდერიდან 6 უკვე ციხეშია. პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.