საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი გამოაქვეყნა

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს

„ქართული ოცნების“ სარჩელი სამი მსხვილი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახალის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქმეს სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს, რომელსაც ვასილ რიონიშვილი თავმჯდომარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სარჩელის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაში ასევე არიან - ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო“, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პარლამენტის 88 წევრის სარჩელში, რომელიც ძირითადად თეა წულუკიანის „საგამოძიებო კომისიის“ დასკვნას ეფუძნება.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ცალკე გამოჰყოფენ რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის და სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეებს, ასევე, ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციას. აღსანიშნავია, რომ როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი საკონსტიტუციო სარჩელის განმხილველი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იყო. 2020 წელს 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ სახელმწიფომ სიცოცხლის უფლება დაარღვია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტებში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად „ქართული ოცნება“ ასახელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წინააღმდეგ ძალადობრივ, საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფ „მრავალ ქმედებას“.

„სხვადასხვა მეთოდით გაუმართლებლად შეზღუდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო“, - ნათქვამია სარჩელში.

სარჩელის ამ ნაწილში „ქართული ოცნება“ ახსენებს გაზეთ „იმედს“, თუმცა არა მის მთავარ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს. ის არაერთხელ გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების თავდასხმისა და დისკრედიტაციის კამპანიების სამიზნე. სარჩელში ასევე ნახსენები არიან ჟურნალისტები ნათია როყვა და ნათია დანელიშვილი - ამ შემთხვევაში მითითებული არ არის, რომ ისინი, გამოცემების, „ბათუმელების“ და გელა მთივლიშვილის მიერ დაფუძნებული „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (ამჟამად „საქართველოს ამბები“) ჟურნალისტები იყვნენ. „ბათუმელების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ათი თვეა უკანონო პატიმრობაში ჰყავს.

„ქართული ოცნების“ სარჩელის მიხედვით, ოპოზიციურმა პარტიებმა „ბოლო წლებში განახორციელეს ისეთი ქმედებები, რომლებშიც ვლინდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობა და მიზანი“. ამის დასადასტურებლად სარჩელში მოყვანილ არგუმენტებს შორისაა ოპოზიციური პარტიების უარი, არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციების გამართვა.

„პოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. [...]სამივე არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა“, - ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელში ასევე წერია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, 2012 წლის შემდეგ კი მან და „სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა“.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყებიდან მალევე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ წამოიჭრა საჯარო მოთხოვნა, გაეცა მას ნებართვა იმ საერთაშორისო ფრენებზე, რომლებიც ქართველ მოხალისეებს უკრაინაში საბრძოლველად გადაიყვანდა, რაც თავისთავად საქართველოს სამხედრო კონფლიქტის მხარედ ქცევას ნიშნავდა. ამ ლოგიკას აშშ-ს იმდროინდელი პრეზიდენტისა და გაერთიანებული სამეფოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებიც ადასტურებს. ამ მოთხოვნასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ წამოიჭრა აგრეთვე რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ საჯარო მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების მწვავე ესკალაციის უშუალო საფრთხეს შექმნიდა. [...] სანქციების დაწესებასა და საერთაშორისო ფრენაზე ნებართვის გაცემაზე უარის გამო, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს ხელისუფლებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე „რუსულის“ იარლიყი მიაწებეს, რითაც მისი ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარყვეს. ამით მათ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიზანმიმართულად მიაყენეს ზიანი“, - ვკითხულობთ სარჩელში.

„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ამ სამი ოპოზიციური პარტიის „საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, რის გამოც ითხოვენ, მათი „საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.