რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნისა და მისი გაწვევის შესახებ მკაცრი რეკომენდაციის შემდეგ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დასავლეთის მხრიდან „მტრობაზე“ ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს „კონკრეტული ფაქტებით“ დასტურდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მტრობაა ის, როდესაც დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს.

მტრობაა, როდესაც დასავლეთი აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში.

ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, მეგობრები. ის, რომ ვიღაცამ რაღაცა ზემოდან გადმოგვხედოს, გაგვაკეთებინოს ისეთი რამ, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი“, - განაცხადა კალძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ევროპელ პარტნიორებს მიმართა, რომ ისინი არიან პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევენ ევროპას.

„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა. ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა ერთი ნორმალურ, განითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს. თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და თქვენს ქვეყანაში მოაწყვეთ მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვით და დაანებეთ თავი. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ის დამოკიდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება იყოს, რაც უკრაინაში ხდება, არ გამოვა“, - თქვა კახა კალაძემ.

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა მოამზადა და 21 მაისს გამოაქვეყნა. 24-გვერდიანი დოკუმენტი სრულდება საქართველოს ხელისუფლებისადმი კატეგორიული რჩევით, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობებში მონაწილეობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით. „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას დასკვნა „დააწერინეს“ და ეს „პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა“.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).