ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე მათი გარემოცვის წევრ გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ. განაჩენი დღეს, 6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
სამი მსჯავრდებულიდან პატიმრობაში მხოლოდ გიორგი მიქაძე იმყოფება, ხოლო დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ მიმალვაში არიან.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი მიქაძემ თითქმის ერთსაათიანი დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. მან დანაშაული კატეგორიულად უარყო და მიმდინარე პროცესებს „წინასწარ დაანონსებული ბრალდების ქრონიკა“ უწოდა. მიქაძემ ასევე უარყო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კავშირი და აღნიშნა, რომ იგი წლებია თვალით არ უნახავს.
„5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით. ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დანაშაული არ ჩამიდენია“, - განაცხადა მიქაძემ განაჩენის გამოცხადებამდე.
ლევან ჯანგველაძე, რომელიც ე.წ. „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა იყო, 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს.
მკვლელობიდან რამდენიმე თვეში, 24 ოქტომბერს, დანაშაულის უშუალოდ შესრულებისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს, ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს. მან მკვლელობა აღიარა, თუმცა შეკვეთასა და განზრახვას უარყოფდა. ამავე საქმეზე, მკვლელობის იარაღის გასაღებისთვის 8-წლიან სასჯელს იხდის სანდრო (ჯანო) წივწივაძე.
რაც შეეხება მკვლელობის ორგანიზატორებს, 2025 წლის 12 აგვისტოს დააკავეს ბიზნესმენი გიორგი მიქაძე, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
საქმის მთავარი ფიგურანტია ყოფილი მთავარი პროკურორი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. 2025 წლის 29 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად დაასახელა და მასზე ძებნა გამოაცხადა. ფარცხალაძეს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის იდეა ე.წ. „კანონიერი ქურდის“, 2013 წელს მოსკოვში მოკლული ასლან უსოიანის („დედ ჰასანის“) შვილიშვილს, ირაკლი უსოიანს ეკუთვნოდა. ბრალდების მხარის თანახმად, უსოიანს სჯეროდა, რომ ბაბუამისი ჯანგველაძეების დახმარებით მოკლეს და შურისძიების მიზნით გამოიყენა ოთარ ფარცხალაძესა და მიქაძეებს შორის ჯანგველაძეებთან არსებული დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, თავად ირაკლი უსოიანი პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუციათ.
