„ქართული ოცნების“ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, რომელიც „კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. ფარცხალაძეზე ძებნა გამოცხადდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ყოფილი მთავარი პროკურორისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
პროკურორის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ საქართველო მიმდინარე წლის ივნისში დატოვა და ამჟამად რუსეთში იმყოფება.
„საქმეზე გამოძიება დაიწყო 2025 წლის მარტში, როდესაც 14 მარტს ლევან ჯანგველაძე მოკლეს. რაც შეეხება საქმეზე ოპერატიულ ინფორმაციას, სადაც უკვე ოთარ ფარცხალაძე გაჩნდა ფიგურანტად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, იყო აგვისტოს თვიდან.
არის მოწმეთა ჩვენებები, გარდა ამისა, საქმეს დაემატა დამატებითი მოწმეები, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან. მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რადგან დაპირისპირებული იყო, უთანხმოება ჰქონდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დაწყებამდე.
ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა კი თქვა, რომ 32-ტომიან საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან ოთარ ფარცხალაძის შემხებლობას დაადასტურებდა.
„ეს არის შეკვეთილი ბრალი, სრული აბსურდი“, – განაცხადა მოსიაშვილმა.
შეკითხვაზე ხომ არ შედიოდა ოთარ ფარცხალაძის დაკავება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, ადვოკატმა განაცხადა, რომ ისინი „პოლიტიკურ საკითხებს“ ემიჯებიან.
აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი გუშინ, 29 დეკემბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს. დარახველიძის თქმით, მკვლელობას ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – „მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს“.
58 წლის ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი გელა უძილაურს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანგარებით და შეკვეთით მკვლელობაში. გელა უძილაურის გარდა, დაკავებულები არიან და განაჩენს ელოდებიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. საქმის სხვა ორი ფიგურანტის, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ოთარ ფარცხალაძე მოხსენიებული იყო როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [„ეფესბე“] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა „ეფესბეს“ აგენტის დახმარებით მოიპოვა.
