ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ერევანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით, მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დეტალურად განიხილეს რეგიონული მშვიდობისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხები, რაც მისი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„სომხეთისა და ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზღვრების ურღვევობა და ჩვენს სახელმწიფოებს შორის შეუფერხებელი კომუნიკაცია. ამ კონტექსტში, ბატონ პრეზიდენტს წარვუდგინე 8 აგვისტოს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის დეტალები, ასევე პარაფირებული შეთანხმება „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“. ეს პროცესი მიზნად ისახავს მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი პერსპექტივების გახსნას.
მოხარული და მადლიერი ვარ პრეზიდენტ პეზეშკიანის მიერ ამ შეთანხმებების ობიექტური შეფასებისთვის. აზერბაიჯანთან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეთანხმება რეგიონში საკომუნიკაციო გზების ხელახლა გახსნაა, ქვეყნების სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული ურთიერთპატივისცემით.
პრაქტიკაში, ეს სომხეთსა და ირანს შორის სარკინიგზო თანამშრომლობის ახალ კარებს გააღებს, მათ შორის ნახიჩევან-ჯულფას რკინიგზის ხაზის მეშვეობით, რაც ირანისთვის ნიშნავს რკინიგზით წვდომას სომხეთსა და საბოლოო ჯამში, შავ ზღვაზე“, - განაცხადა ფაშინიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთზე გამავალი საკომუნიკაციო გზები სომხეთის ექსკლუზიური იურისდიქციის ქვეშ იქნება, მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სომხეთი და არა რომელიმე მესამე ქვეყანა.
ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ირანს მიაჩნია, რომ რეგიონში ხელმძღვანელობა „კავკასიური“ უნდა იყოს, ხოლო პრობლემების რეგიონის გარეთ, გარე ძალებზე გადაცემა კიდევ უფრო გაართულებს რეგიონში არსებულ ვითარებას.
„კავკასიაში მშვიდობა ირანის ისლამური რესპუბლიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია რეგიონში, კავკასიაში საზღვრების უცვლელელობას ეხებოდა და ჩვენ გვჯერა, რომ ამ ცვლილებებმა შესაძლოა გეოპოლიტიკური მეტოქეობა გამოიწვიოს“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.
მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ირანს სომხეთთან ურთიერთობების ყველა სფეროში განვითარება და მათი სტრატეგიულ დონეზე აყვანა სურს.
„ირანსა და სომხეთს საერთო ინტერესები აქვთ სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის გააქტიურებაში. სატრანზიტო რკინიგზის, სახმელეთო და საზღვაო გზების განვითარება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებას, საერთო თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას“, - თქვა ირანის პრეზიდენტმა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 8 აგვისტოს, აშშ-ის შუამავლობით, ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანსა და მის ნახიჩევანის ანკლავს შორის სატრანსპორტო დერეფანი შეიქმნება. პროექტს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამმხრივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, „სომხეთი ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ამ დერეფნის განვითარების მიზნით, რომლის ხანგრძლივობაც 99 წლამდე შეიძლება იყოს. ტრამპის თქმით, ამერიკული კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარებაა მოსალოდნელი, რაც სამივე ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
დოკუმენტის ხელმოწერას თეირანის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საერთაშორისო საკითხებში ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აქბარ ველაიათიმ განაცხადა, რომ ირანი არ დაუშვებს, აშშ-მა სატრანსპორტო დერეფანი სარგებლობაში მიიღოს და დაიმუქრა, რომ ის „ტრამპის დაქირავებული ჯარისკაცების სასაფლაოდ“ გადაიქცევა. მოგვიანებით, ირანის წარმომადგენლების განცხადებები შერბილდა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვაშინგტონში ხელმოწერილი დეკლარაცია საკმაოდ ხელშესახებ სარგებელს შეიცავს ირანისა და რუსეთისთვისაც. „როდესაც ეს შეთანხმება ამოქმედდება, ირანს შეუძლია მიიღოს სარკინიგზო წვდომა სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე და ირანი და რუსეთი პირდაპირ დაუკავშირდნენ ერთმანეთს რკინიგზით“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
