აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერას ირანის ხელისუფლება გამოეხმაურა. საერთაშორისო საკითხებში უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აქბარ ველაიათიმ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა არ დაუშვებს, აშშ-მა სარგებლობაში მიიღოს სატრანსპორტო დერეფანი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ანკლავს შორის, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 6 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
ველაიათიმ თქვა, რომ თეირანი ინიციატივას დაბლოკავს „რუსეთთან ერთად ან მის გარეშე“.
„არის თუ არა სამხრეთ კავკასია უპატრონო ტერიტორია, რომლის იჯარით აღებაც ტრამპს სურს? კავკასია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე გეოგრაფიული წერტილია და ეს დერეფანი იქნება არა ტრამპის კუთვნილი დერეფანი, არამედ მისი დაქირავებული ჯარისკაცების სასაფლაო“, - განაცხადა უზენაესი ლიდერის მრჩეველმა Tasnim-თან ინტერვიუში.
ველაიათიმ დასძინა, რომ ირანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ზანგეზურის დერეფნის შექმნას, რადგან ის, მისივე თქმით, გამოიწვევს რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლას, გადაადგილებს საზღვრებს და მიზნად ისახავს სომხეთის დაშლას.

ალი აქბარ ველაიათიმ დერეფნის შექმნას ირანისა და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკური შეთქმულება უწოდა:
„ამ შეთქმულების განხორციელება საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას და შესაბამისად, ირანი იმოძრავებს კავკასიის უსაფრთხოების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რუსეთთან ერთად იქნება თუ მის გარეშე. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთიც სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს. [...] არ დავუშვებთ, რომ ნატო ირანის ჩრდილოეთ საზღვრებს მიუახლოვდეს და ამ მხრივ, ჩვენ გვჯერა, რომ პრევენცია მკურნალობაზე უკეთესია“.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 8 აგვისტოს, აშშ-ის შუამავლობით, ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ანკლავს შორის სატრანსპორტო დერეფანი შეიქმნება. მას „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ დაერქმევა და აშშ-ს 99 წლით გადაეცემა.
„სომხეთი ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ამ დერეფნის განვითარების მიზნით, რომლის ხანგრძლივობაც 99 წლამდე შეიძლება იყოს და შემდეგ გვპირდებიან, რომ 99 წელიწადში მას [პარტნიორობას] გააგრძელებენ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, სადაც 8 აგვისტოს, სამმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკული კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარებაა მოსალოდნელი, რაც სამივე ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. „ეს წარმოუდგენლად დადებითი ამბავია მთელი რეგიონის მომავლისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია“, - აღნიშნა ტრამპმა.
