თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ სამივე არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ ისინი წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ. სასჯელის ზომა 8 აპრილს გახდება ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
„ჩემი შვილი მკვდარია, მაგრამ მართალი! გაბაშვილი, რიკაძე და ჩიქოვანი ცოცხლები არიან, მაგრამ ოფიციალურად აღიარებული დამნაშავეები! ბრძოლა არ დამთავრებულა. სათითაოდ, ყველა დამნაშავეს ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად ვაგებინებთ პასუხს!“ - ასე გამოეხმაურა სასამართლოს განაჩენს მოკლულის დედა, ეკა კუპატაძე.
საქმეში მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და მის მეგობარ გიორგი რიკაძეს ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა). მათ 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გაბაშვილის კიდევ ერთ მეგობარს, დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა), ასევე, 18-117 მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება). დანაშაული 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
გიგა ავალიანის საქმეზე ამ დროისთვის ხუთი არასრულწლოვანია დაკავებული. პროკურატურა მათ ნაწილს დანაშაულის შეუტყობინებლობასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
გამოძიების თანახმად, 2025 წლის სექტემბერში, ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მან მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ალექსანდრე გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდგომაც მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა იმისთვის, რომ გიგა ავალიანს თავს დასხმოდნენ და მიეყენებინათ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დაახლოებით 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ელოდებოდნენ ცენტრიდან გიგა ავალიანის გამოსვლას, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ სისრულეში მოიყვანეს განზრახვა. კერძოდ, დაახლოებით 22 საათსა და 20 წუთზე, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
თვეების განმავლობაში გარდაცვლილი მასწავლებლის ოჯახის წევრები პროკურატურისგან საქმის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელებას, დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დაკავებას და მათთვის, როგორც დაზარალებული მხარისთვის, სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემას ითხოვდნენ. ოჯახის მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
