გაორმაგებული მაჩვენებელი 5 წელში - სოციალურად დაუცველთა ბაზაში 380 000-მდე ბავშვია

სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიში ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის საგანგაშო სურათს აჩვენებს. დოკუმენტის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გასული წლის ბოლოსთვის 379 957 ბავშვი ირიცხებოდა, რაც წინა წლებთან შედარებით ისტორიული მაქსიმუმია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სტატისტიკური მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639 შეადგინა, რომელთაგან 12 868-მა ეს დახმარება გასულ წელს პირველად მიიღო. ამასთან, 2025 წელს სოციალურად დაუცველთა ბაზაში პირველადად 23 322 ბავშვი დარეგისტრირდა. რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, ქვეყნის მასშტაბით სულ 186 163 ისეთი ოჯახია რეგისტრირებული, სადაც მინიმუმ ერთი ბავშვი ცხოვრობს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. 2020 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია:

  • 2020 წელი: 186 131 ბავშვი
  • 2021 წელი: 235 252 ბავშვი
  • 2022 წელი: 330 148 ბავშვი
  • 2023 წელი: 347 295 ბავშვი
  • 2024 წელი: 369 924 ბავშვი
  • 2025 წელი: 379 957 ბავშვი

საყურადღებოა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამაზე. 2025 წელს ამ სერვისით 5 875 ოჯახმა ისარგებლა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 4 161-ს შეადგენდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბების სისტემური შეფასება ქვეყანაში დღემდე არასაკმარისია. მართალია, რაოდენობრივი მატება ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას სოციალური დახმარების თანხის ზრდით ან ინფორმირებულობის ამაღლებით, თუმცა ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ „ეს მატება ვერ აიხსნება მხოლოდ პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ვინაიდან შესაბამის პროგრამებში ჩართვა თავისთავად მიუთითებს ოჯახების არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე“.

თებერვლის ბოლოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმება და ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება დააანონსა.

„ქართული ოცნებიდან“ სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, არსებული მონაცემები შეუსაბამობაშია ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან:

„არსებული ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდის იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ამ თემაზე:

რატომ აღარ იბადებიან ბავშვები - იდეოლოგიური მითი თუ ეკონომიკური ჩიხი

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.