სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 5 000 ლარის ოდენობით გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განსაზღვრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ელენე ხოშტარია წერილში, რომელიც სასამართლო სხდომის პარალელურად გავრცელდა, წერს, რომ გირაოს არ გადაიხდის და მხარდამჭერებს მოუწოდებს, თანხა არც მათ შეიტანონ.
„დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვენლობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.
გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით.
ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!
PS: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“, – ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.
მანამდე ელენე ხოშტარიამ უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებასა და სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ და პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერებზე „რუსული ოცნების“ და „რუსის“ დაწერის გამო 15 სექტემბერს, დააკავა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბრალის დადგენილების მიხედვით, განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ელენე ხოშტარიამ Facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წერს მელიქიშვილის გამზირზე, კლაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ბანერზე „რუსულ ოცნებას“. ამ ქმედებით ხოშტარიამ სოლიდარობა გამოუცხადა 23 წლის სტუდენტსა და სამოქალაქო აქტივისტს, მეგი დიასამიძეს, რომელიც შსს-მ 10 სექტემბერს დააკავა და კალაძის ბანერების დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სასამართლომ მეგი დიასამიძის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო გამოიყენა და ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა.
