„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები“ – კობახიძე აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში ტრანზიტზე

ირაკლი კობახიძე და ალი ასადოვი

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების საგანია, რა ფორმით მოხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საზოგადოებრივი მაწუყებლის ეთერში კობახიძემ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე თურქმენეთში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს ესაუბრა.

„რა თქმა უნდა, ამ თემაზეც მქონდა საუბარი... გვქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა და მეგობრული საუბარი. ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა.

რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების საგანია ის, თუ საბოლოო ჯამში რა ფორმით წარიმართება აზერბაიჯანიდან ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ჩვენთვის აბსოლუტურად მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული მხარის ინტერესები, ასევე სომხური მხარის ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა კობახიძემ.

5 დეკემბერს პროსამთავრობო აზერბაიჯანულმა გამოცემა Minval Politika-მ გამოქვეყნა სტატია სათაურით - „საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის“

სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში შემაშფოთებელი ცვლილება შეინიშნება“, რაც „არა იზოლირებული ბიუროკრატიული ხარვეზების, არამედ მთელი რიგი გადაწყვეტილებების შედეგია, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური ლოგიკის ცვლილებაზე მიუთითებს“.

Minval Politika წერს, რომ 28 ნოემბერს, აზერბაიჯანის ქალაქ ქაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მე-12 შეხვედრა, რომელსაც ვიცე-პრემიერები შაჰინ მუსტაფაევი და მჰერ გრიგორიანი უძღვებოდნენ. ტექნიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. როგორც გამოცემის წყაროები ამბობენ, ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა.

იმის გამო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირი არ არსებობს, Minval Politika-ის თანახმად, აზერბაიჯანმა თბილისისგან გარდაბანი-სადახლოს მონაკვეთზე ტარიფების დაწესება მოითხოვა.

„ჩვენი მონაცემებით, ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთისთვის ტონაზე 92 დოლარის ოდენობის ტარიფი წარადგინა, რაც კილომეტრზე ტონაზე 0.82 დოლარს შეადგენს! ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სტანდარტულ ტარიფად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედარება საპირისპიროს აჩვენებს.

შედარებისთვის, მსგავსი ტვირთის გადაზიდვა აზერბაიჯანში, 680 კმ მანძილზე, იალამას სადგურიდან ბოიუკ-კიასიკის სადგურამდე, 17 აშშ დოლარის ტარიფით ხდება, რაც ტონისთვის კილომეტრზე 0.02 აშშ დოლარს შეადგენს. ეს 40-ჯერ ნაკლებია შემოთავაზებულ ქართულ ტარიფზე. 40-ჯერადი სხვაობა განზრახვის მაჩვენებელია და ბაზრის.

უფრო მეტიც, საქართველოს ფარგლებში, მსგავსი ტვირთები ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტებში 360–396 კილომეტრის მანძილზე 17 დოლარად იგზავნება, რაც 0.04–0.05 დოლარია კილომეტრზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ტრანზიტი თბილისისთვის ხელსაყრელია, ტარიფი 20-ჯერ დაბალია, ვიდრე სომხეთისკენ მიმავალი მარშრუტისთვის შემოთავაზებული. აქ ეკონომიკური ლოგიკა პოლიტიკურ სიგნალს უთმობს ადგილს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

სახელისუფლებო მედია წერს, რომ დღეს საქართველო ფაქტობრივად ეწინააღმდეგება მდგრადი რეგიონული მშვიდობის არქიტექტურისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას.

8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.

10 დეკემბერს, Minval Politika-მ გამოაქვეყნა კიდევ კიდევ ერთი სტატია სატაურით - „თბილისის სატარიფო დემარშის საპასუხოდ, ბაქო სომხეთთან სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს“. გამოცემა წერს, რომ ქართული მხარის „ერთჯერადი გადაწყვეტილება არ პასუხობს მთავარ კითხვას: რა არის თბილისის რეალური პოზიცია გრძელვადიან ტარიფებისა და საბაჟო გადასახადების საკითხზე?“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.