საქართველო აზერბაიჯანულ საწვავს სომხეთისკენ ერთჯერადად უსასყიდლოდ გაატარებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა და უპასუხა პროსამთავრობო აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო სატარიფო ბარიერებით აფერხებს აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის მიწოდებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ „5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით“.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს.

საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი“, – წერია „ქართული ოცნების“ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

5 დეკემბერს პროსამთავრობო აზერბაიჯანულმა გამოცემა Minval Politika-მ გამოქვეყნა სტატია სათაურით - „საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის“

სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში შემაშფოთებელი ცვლილება შეინიშნება“, რაც „არა იზოლირებული ბიუროკრატიული ხარვეზების, არამედ მთელი რიგი გადაწყვეტილებების შედეგია, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური ლოგიკის ცვლილებაზე მიუთითებს“.

Minval Politika წერს, რომ ერთი კვირის წინ, 28 ნოემბერს, აზერბაიჯანის ქალაქ ქაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მე-12 შეხვედრა, რომელსაც ვიცე-პრემიერები შაჰინ მუსტაფაევი და მჰერ გრიგორიანი უძღვებოდნენ. ტექნიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. როგორც გამოცემის წყაროები ამბობენ, ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა.

იმის გამო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირი არ არსებობს, Minval Politika-ის თანახმად, აზერბაიჯანმა თბილისისგან გარდაბანი-სადახლოს მონაკვეთზე ტარიფების დაწესება მოითხოვა.

„ჩვენი მონაცემებით, ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთისთვის ტონაზე 92 დოლარის ოდენობის ტარიფი წარადგინა, რაც კილომეტრზე ტონაზე 0.82 დოლარს შეადგენს! ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სტანდარტულ ტარიფად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედარება საპირისპიროს აჩვენებს.

შედარებისთვის, მსგავსი ტვირთის გადაზიდვა აზერბაიჯანში, 680 კმ მანძილზე, იალამას სადგურიდან ბოიუკ-კიასიკის სადგურამდე, 17 აშშ დოლარის ტარიფით ხდება, რაც ტონისთვის კილომეტრზე 0.02 აშშ დოლარს შეადგენს. ეს 40-ჯერ ნაკლებია შემოთავაზებულ ქართულ ტარიფზე. 40-ჯერადი სხვაობა განზრახვის მაჩვენებელია და ბაზრის.

უფრო მეტიც, საქართველოს ფარგლებში, მსგავსი ტვირთები ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტებში 360–396 კილომეტრის მანძილზე 17 დოლარად იგზავნება, რაც 0.04–0.05 დოლარია კილომეტრზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ტრანზიტი თბილისისთვის ხელსაყრელია, ტარიფი 20-ჯერ დაბალია, ვიდრე სომხეთისკენ მიმავალი მარშრუტისთვის შემოთავაზებული. აქ ეკონომიკური ლოგიკა პოლიტიკურ სიგნალს უთმობს ადგილს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

სახელისუფლებო მედია წერს, რომ დღეს საქართველო ფაქტობრივად ეწინააღმდეგება მდგრადი რეგიონული მშვიდობის არქიტექტურისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.