ბოლო ერთ წელში ნიკა მელიას მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე წარუდგინეს ბრალი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეოთხე ბრალი წაუყენეს. პროკურატურა მას 3 თვის წინ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანისთვის „სიტყვიერი შეურაცხყოფის“ მიყენებას ედავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, „ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა“.

„აღნიშნულ პროცესზე ჩვენც ვიმყოფებოდითმ, თუმცა, მსგავსი არაფერი გაგვიგია, რომ ნიკას შეურაცხყოფა მიეყენებინოს მოსამართლისთვის.

აქ მთავარია ერთი რამ: ნიკა იყო უკანონოდ გატაცებული. თვეების განმავლობაში ჩვენ ყველა ინსტანციაში ვასაჩირებიდით და ვითხოვდით, მოეწოდებინათ ჩვენთვის საქმის მასალები, თუ რის საფუძველზე დააკავეს ნიკა მელია, წაართვეს მას პირადი ნივთები, მანქანიდან მოგლიჯეს სათვალთვალო-ვიდეოჩამწერი მოწყობილობები. 10 ნოემბერს ორი პოლიციელი მოვიდა სასამართლოში და იმის ნაცვლად, რომ მოსამართლეს დაედგინა სიმართლე, რეაგირება მოეხდინა უკანონობაზე, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ნიკა მელია დააჯარიმა 1500 ლარით“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით), რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გასული წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა ნიკა მელიას რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ე.წ. წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო და ასევე, ორი წლით აუკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

მელიას ე.წ. წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც არ გადაიხადა. სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე 30 მაისს უნდა ემსჯელა. წინა დღეს, 29 მაისს, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, თითქოს მან პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. მომდევნო დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნიკა მელია მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა და მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა. პროკურატურამ მას სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდება 20 ივნისს წარუდგინა, 26 ნოემბერს კი, მოსამართლე ელენე გოგუაძემ პოლიტიკოსს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ნიკა მელიას ე.წ. საბოტაჟის საქმეზე წარუდგინეს ბრალი. პროკურატურის განცხადებით, მელია, სხვა ბრალდებულ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს „რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.