აზერბაიჯანში მილი მეჯლისის (პარლამენტის) არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით, რომელიც 1-ელ სექტემბერს, საღამოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების 91%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ერთპალატიანი პარლამენტის 125 ადგილიდან 68-ს მიიღებს, ფორმალურად დამოუკიდებელ კანდიდატებს 40-ზე მეტი მანდატი ერგებათ, ხოლო დარჩენილ მანდატებს მცირე პროსახელისუფლებო პარტიები გაინაწილებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
ქვეყნის უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, „მუსავატმა“ კი 15 წლის განმავლობაში პირველად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდება. ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე ჩატარდა, მათ შორის ფართოდ გამოიყენებოდა შედეგების გაყალბების ისეთი მეთოდი, როგორიცაა ე.წ. „კარუსელი“.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 37.27% შეადგინა.
აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, როდესაც ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაა (COP 29) დაგეგმილი. 28 ივნისს ილჰამ ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 1 სექტემბერს დანიშნა.
დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭომ, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და ჯგუფების კოალიციაა აზერბაიჯანში, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიაროს. „COP-29 ან სხვა საერთაშორისო ღონისძიება არ შეიძლება გახდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველი და არც პრეზიდენტმა შეიძლება გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებებს და ნებისმიერ დროს დანიშნოს კენჭისყრა“, - განაცხადა საბჭომ. მეორე მხრივ, განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში ჩატარდა.
წელს პირველად აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ.
