დავით გაბაიძე, რომელიც თითქმის 10 წლის განმავლობაში იკავებდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, პოსტიდან გადადგა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
„მსურს, განვაცხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ბევრისთვის ეს ფაქტი უკვე ცნობილია პრაქტიკულად, თუმცა სამართლებრივი პროცედურაა, რომ ეს განცხადება საჯაროდ უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ვაფიქსირებ ჩემს ამ პოზიციას“, - აღნიშნა გაბაიძემ.
ბრიფინგის დასაწყისშივე მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს:
„გადადგომის განცხადებასთან ერთად მინდა, მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ გუნდს. სამი მოწვევის განმავლობაში, არასრული 10 წელი ვხელმძღვანელობდი ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციას, ვემსახურე ხალხს, როგორც შემეძლო. ძალები არ დამიზოგავს“.
გაბაიძემ დასძინა, რომ გარკვეული პერიოდი უმაღლესი საბჭოს რიგით წევრად დარჩენა „მოუწევს“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას. „ჩვენი გუნდიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაქვს რაღაც გადაწყვეტილებები და ეს კონსულტაციები ოჯახთან უნდა გავიარო“, - თქვა მან.
ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, რომ თანამდებობის დატოვებაზე დიდი ხანია ფიქრობდა და მმართველ გუნდთან კონსულტაციებს თვეების განმავლობაში მართავდა. მან ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი გადადგომა აჭარის მთავრობის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მოითხოვა.
ჟურნალისტის რეპლიკას იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძის (აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე) გარემოცვიდან თანამდებობაზე აღარავინ დარჩა, გაბაიძემ ასე უპასუხა:
„მგონია, აქ სიტყვა „კლანი“ არაა ის ტერმინი, რომელიც უნდა გამოიყენოთ. რადგან თორნიკე რიჟვაძე ვახსენეთ, მინდა, ვთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი მე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება, არა მგონია, სწორი იყოს.
რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარის როლს, უპირველეს ყოვლისა, ის წარმოადგენს გუნდს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მასთანაც მქონდა ყველაზე მეტი კონსულტაცია, ბუნებრივია, პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად“.
45 წლის დავით გაბაიძე 2016 წლიდან ზედიზედ სამი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. ის თორნიკე რიჟვაძის ახლო გარემოცვის წევრად მიიჩნეოდა - მათი მეუღლეები ბიძაშვილები არიან.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა, იმავე წლის 7 ივლისს კი იგი საავადმყოფოში თავის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით მოათავსეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. დავით გაბაიძის განცხადებით, რიჟვაძე ამჟამად თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს გადის, თუმცა ქვეყანა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი იმყოფება, არ დაუსახელებია.
