16 წლის ბიჭის მიმართ უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ლუკა ხურცილავას, რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს, 15 თებერვალს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბრალდების მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო პროცესზეც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ტელეკომპანია „პირველთან“

რაც შეეხება სხვა პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხს, პროკურორმა განმარტა, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება. „როდესაც ჩვენ მტკიცებულებებს საბოლოოდ მოვიპოვებთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - აღნიშნა მან.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება „სრულიად უსაფუძვლოა“, რადგან ბრალდებული დანაშაულს გულწრფელად აღიარებს და ინანიებს.

„გავივლი კონსულტაციებს ოჯახთან და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, გასაჩივრდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება“, - თქვა ადვოკატმა.

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 13 თებერვალს დააკავა.

გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭი 10 თებერვალს, ღამით, ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე „გადამოწმების მიზნით“ შეაჩერეს. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანმა პოლიციელებს სრულად მოახსენა მისი ვინაობის შესახებ და მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას ჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, პროკურატურის თანახმად, პოლიციის უფროსის მოადგილემ „გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით“.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ პოლიციელი არასრულწლოვანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ცემისა და დაკავების მუქარით ტელეფონის გახსნას აიძულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აგინებს მოზარდის მამასაც, რომელიც ციხეშია და შვილს ემუქრება, რომ გვერდით მიუსვამს. „...სანამ თითები დაგატეხე, შენი მამის დედას მოვ..ნავ. დაგაკავებ, ადმინისტრაციულად“, - ისმის ჩანაწერში. არასრულწლოვანი ითხოვს, დედასთან დარეკვის უფლება მისცენ, რაზეც პოლიციელი პასუხობს - „დედაშენთან არა ბებიაშენთან“.

ტელეკომპანია „პირველმა“ მოზარდის მიერ გაკეთებული ერთსაათიანი ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, რომლითაც დგინდება, რომ არასრულწლოვანს მამის ციხეში გაუპატიურების ორგანიზებით ემუქრებოდნენ, ამ ყველაფერს კი რამდენიმე პოლიციელი შეესწრო.

პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის გადაყვანის შემდეგ ლუკა ხურცილავა პოლიციის უფროსს, „ზაურიჩს“ ურეკავს და უყვება, როგორ შეაჩერეს „ლოკაციაზე“ ყოფნის დროს ბიჭი, რომელსაც ჩანთაში სამი პულივიზატორი უპოვეს.

ლუკა ხურცილავა: ტელეფონს არ გვიხსნიდა, მანქანაში ჩავისვით და მანქანაშიც არ გვიხსნიდა. არავის არ გვიცემია. მე ვიყავი ერთ-ერთი, ვუყვირე. შემოვიყვანე სამმართველოში ეს პატივცემული. შევუვსე...

„ზაურიჩი“: ბავშვია?

ლუკა ხურცილავა: 16 წლის არის, ჰო.

„ზაურიჩი“: რად გინდათ მერე, რომ შემოგყავთ, ბიჭო, არ შეიძლება მაგ 16 წლის შემოყვანა შენობაში. რა უნდა შეუვსო, მშობელი როცა არ ჰყავს მანდ.

ლუკა ხურცილავა: მშობელს დავიბარებ, კაცო. ოქმს გავუკეთებ და გავუშვებ, გავა..ინებ“.

„ზაურიჩი“: ბიჭო, რად გინდათ შენობაში რომ შემოგყავთ? გაუკეთეთ ადგილზე ერთი ყ..ეობა ფარატინა ფურცელი, იდენტიფიცირება და გაა.მეინეთ. სად ცხოვრობს? გაუშვი ახლა. მაგის გამო ნუ ჩამოყრიან ოპერები ფეხებს მანდ, რა. გაუშვი ოპერები ქუჩაში გარეთ და საქმეს მიხედონ, ძმაო. სირცხვილია, სამი კაცი ჰყავთ დღეს გადამოწმებული. გამომძიებელი დაუჯდეს, მიყვანეთ ეგ მშობელია თუ ვიაღაც და გააგდეთ, გაა.მეინეთ, მაგის დედას არ შ..ეცი? გააგდეთ, მოაშორეთ.

ამის შემდეგ პოლიციელები ურეკავენ არასრულწლოვნის დედას, რომელიც მათ განუმარტავს,, რომ იურისტია და მას მანამდე უნდა დაკავშირებოდნენ, ვიდრე ბავშვს პოლიციაში გადაიყვანდნენ.

საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვნის დედამ იჩივლა და გამომძიებლებს ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალა წარუდგინა.

პროკურატურას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით აქვს აღძრული, რაც მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.