რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ფედერაციის პრეზიდენტი 2008-2012 წლებში, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის წლისთავს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, 15 წლის წინ „რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ მზაკვრულ თავდასხმას და აგრესორი მტკიცედ უკუაგდო“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს სიტუაციის შერყევას. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში სწრაფად და მკაცრად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები.
ჩვენ მტრისგან დავიცვათ ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მივეცით“, - განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, რუსეთი ახლაც, ისევე როგორც 15 წლის წინ, გაიმარჯვებს და მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს.
„შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰყოფნიდათ გამოცდილება. დღეს ისინი ისევ აწარმოებენ დანაშაულებრივ ომს სხვისი ხელებით და ცდილობენ რუსეთის აღგვას პირისაგან მიწისა. ჩვენს წინააღმდეგ ფაქტობრივად NATO-ს მთელი სისტემა იბრძვის. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენი იქნება!“.
15 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით გადმოკვეთა და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო, რის შედეგადაც საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება. რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
2022 წლის დეკემბერში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის საქმეზე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა და საქართველოს მხრიდან ჩადენილი რაიმე დარღვევა გამორიცხა. უფრო ადრე, 2021 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ [საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“] დაადგინა, ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს 24 000-მდე დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ 129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა.
აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამ თემაზე:
აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ღარიბაშვილი
ზელენსკი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
