ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით შპს „ლაგი კაპიტალის“ წარმომადგენლები დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
ბრალდებულები არიან ალექსანდრე და ბესიკ ბერძენიშვილები, რომლებმაც, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში. ტენდერი 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, თუმცა, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
ამასთან, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო 1, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში – 3 სკოლა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის.
„გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს.
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაგეგმეს, დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში ე.წ „თეთრ სიაში“, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას, ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.
თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი, 1 211 000 ლარი, ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, - აცხადებენ უწყებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით“.
შპს „ლაგი კაპიტალი“ 2015 წელს არის დაფუძნებული. 2022 წლამდე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და 50%-იანი წილის მფლობელი ნინო ზარქუა იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დაა. 2022 წელს მან საკუთარი წილი მეუღლეს, ალექსანდრე ამისულაშვილს დაუთმო. ამისულაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან „ლაგი კაპიტალის“ 50%-იან წილს საკუთარი კომპანიის შპს „ჯე5-ის“ მეშვეობით ფლობდა. 2023 წლის სექტემბერში მან ეს წილი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ია რამიშვილს. ამჟამად შპს „ლაგი კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ივანე გახელაძეა. ბესიკ ბერძენიშვილი კომპანიის დირექტორად 2025 წლის მარტიდან მუშაობდა.
