ზვიად ცეცხლაძე შალვა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლებს

პატიმარი ზვიად ცეცხლაძე და მისი ოჯახი აპირებენ, სასამართლოში უჩივლონ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ისინი ბოდიშის მოხდას მოითხოვენ იმ განცხადებების გამო, სადაც პაპუაშვილი 20 წლის სტუდენტს ტერორისტად მოიხსენიებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ადამიანი ტერორისტს უწოდებს ჩემს შვილს მაშინ, როცა ტერორიზმის მუხლით არ იყო გასამართლებული და ის მუხლიც კი, რომელიც წარდგენილი ჰქონდა, უფრო მსუბუქი მუხლით შეუცვალეს. მე მოველაპარაკე ზვიადს და ჩვენ ვამზადებთ სარჩელს პაპუაშვილის წინააღმდეგ, რათა ბოდიში მოვახდევინოთ იმ ამაზრზენი სიტყვებისთვის, რასაც ის ჩემს შვილს, 20 წლის ბიჭს უწოდებს“, – განაცხადა ზვიადის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.

შალვა პაპუაშვილმა ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი არაერთხელ უწოდა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტებსა თუ სატელევიზიო ეთერებში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გაცდა, რომ პატიმარმა ციხეში ევროკავშირის საელჩოდან საპასუხო წერილი მიიღო.

„რაზე უნდა გვქონდეს საუბარი, როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ უჭერს მხარს ადგილობრივ ტერორისტს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პაპუაშვილმა დეზინფორმაციაც გაავრცელა და თქვა, რომ ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით არსებობს განაჩენი, რომლითაც „დადასტურებულია, რომ ის იყო ძალადობის ორგანიზატორი“. მისივე განცხადებით, „ამას საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ჰქვია ტერორიზმი“.

„ევროკავშირის ელჩს ჩემმა შვილმა მიწერა წერილი, რითაც ითხოვდა, არ გაეუქმებინათ ვიზალიბერალიზაცია და ევროსაბჭოდან არ გამოვეძევებინეთ. ეს პოზიცია თანხვედრაში იყო რეჟიმის პოზიციასთანაც – რეჟიმი თავად ამბობდა, რომ არ უნდოდათ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა და თითქოს, ოპოზიცია მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია წაერთვათ.

შემდგომ ევროკავშირის ელჩისგან გამოიგზავნა წერილი ციხეში, სადაც ძალიან კორექტულად, აბსოლუტურად სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წუხდნენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას აცდენილია და ა.შ. ამ წერილის გამო დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომრე პაპუაშვილი გამოვიდა და ჩემს შვილს უწოდა ტერორისტი.

მე ძალიან გამაბრაზა ამ თემამ, რადგან პარლამენტის თავმჯდოიმარე მინიმუმ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყოს, მეორე თუ მესამე პირია და აბსოლუტურად არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება მის სიტყვებს.

[...] პაპუაშვილს მივმართავ, თუ ჩემი შვილი ტერორისტია, რატომ არ მიუსაჯეს 20 წელი ან სამუდამო, არაა სახიფათო ეს ბიჭი წელიწადნახევარში რომ გამოვა ციხიდან?! – ეს დიდი „ტერორისტი“, რომელიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შესანიშნავი სტუდენტია, რომელიც გრანტით მოეწყო უნივერსიტეტში, რომელიც სკოლაში სწავლის დროს საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა გუნდის წევრი იყო, სკოლა მედალზე დაამთავრა, კონფლიქტი თავის ცხოვრებაში არავისთან ჰქონია, ჰუმანიზმის, სინდისის და პატიოსნების ადამიანი იყო. მას უაპელაციოდ ტერორისტს უწოდებთ, აუცილებლად მოგიწევთ სასამართლოში პასუხის გაცემა.

ბატონო პაპუაშვილო, არ გეგონოთ, რომ ეგ თანამდებობა სამუდამოა თქვენთვის და მუდმივად შეძლებთ ჩვენს ფეხქვეშ გათელვას. ეს არ მოხდება, ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ კანონით დაშვებული ყველა მეთოდით“, – თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.

ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის დეკემბერში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2025 წლის სექტემბერში, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი გადააკვალიფიცირა და ზვიად ცეცხლაძე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ. მას 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.