პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000 ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო შეეფარდა და პროკურორის ნებართვის გარეშე საზღვრის კვეთა აეკრძალა. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი ნოემბერში წარუდგინა, როდესაც ის ციხეში იყო.
საქმის მასალების მიხედვით, ჯაფარიძე და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას“ და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს. პროკურატურის განცხადებით, შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.
ზურაბ ჯაფარიძე ბრალს არ აღიარებს. მას გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა განესაზღვრა.
„გირაოზე ჯერ არ მაქვს პოზიცია, რაღაცები მაქვს მოსაფიქრებელი. გირაოს გარდა, პასპორტს და პირადობას მართმევენ, ვითომ ქვეყნიდან არ გავიქცე. [...] ჩემი დანაშაული, რასაც მედავებიან, არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და მეორე დანაშაული არის ის, რომ ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში რაც შეიძლება ბევრნი უნდა გამოვიდნენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ, რომელიც პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. მან ბოლო 7 თვე რუსთავის ციხეში გაატარა ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განმარტებით, ზურაბ ჯაფარიძისთვის დამატებითი ღონისძიებების დაკისრებით (პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევით) „სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა“.
„როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის ჩაბარება და ასევე, პროკურორის თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთის აკრძალვა, სრულ აკრძალვაზე არაა საუბარი, ამ ღონისძიებამ დააკომპენსირა საფრთხეები იმ კუთხით, რომ გირაოს შეფარდების შესაძლებლობა ყოფილიყო და არა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების“, - აღნიშნა კოტრიკაძემ.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარგდენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ 7 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წარედგინა – მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
