ვოლსკის თქმით, ევროკომისიას საქართველოს „პროქსი ომში ჩართვის“ გეგმა აქვს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრისას ანტიდასავლური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების უკან „შორსმიმავალი გეგმა დევს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვოლსკიმ გაიმეორა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, ომში „საქართველოს ჩართვის“ შესახებ.

„როცა ევროკავშირი სანქციებს იღებს, საკმაოდ რთული რეგლამენტია დასაცავი, სრული კონსენსუსია საჭირო. არა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ გამოდიან. შეჩერების მექანიზმიც არსებობს, რაც კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილების აღსრულებას ითვალისწინებს. ყველა ქვეყანა არ არის ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი ერი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ არ გამოდიან და ხაბეიშვილების რევოლუციურ იდეას მხარს არ უჭერენ. დამოკიდებულებაა - არ გამოდიხართ, რევოლუციას არ აწყობთ, იმით დაისჯებით, რომ თავისუფალი მიმოსვლა არ გექნებათო.

იმ მოთხოვნებზე, რაც არის ჩამოყალიბებული, პასუხი გაგვაჩნია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნების უკან გაცილებით უფრო სერიოზული და შორსმიმავალი გეგმა დევს, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია - ეს არის პროქსი ომში საქართველოს ჩართვის უზრუნველყოფა. მათ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა უნდათ, რასაც რევოლუცია სჭირდება, რადგან არჩევნების გზით ვერ იმარჯვებენ. რევოლუციას ხალხის გაღიზიანება სჭირდება. ეს პათოსი იმ ადამიანებს ამოძრავებთ, ვინც საქართველოს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი“, - უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 31 აგვისტოს ამოეწურა ვადა 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიისთვის განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად. რვა რეკომენდაციას შორის არის:

  • საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებს, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა და დაცვა;
  • ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შემზღუდავი იმ კანონმდებლობების გაუქმება, რომლებიც არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.

ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა ვიზის შეჩერების მექანიზმი გაააქტიუროს.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიას ანგარიში გუშინ, დადგენილ ვადაში მიეწოდა. ანგარიშის შინაარსი სამინისტროს არ გაუსაჯაროებია.

31 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა, რაც ორგანიზაციების მხრიდან „ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟად“ შეფასდა. გადაწყვეტილებას ევროკავშირის კრიტიკაც მოჰყვა. საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ძირითად პრინციპებს უთხრის ძირს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.