უნგრეთის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. საქმე ეხება როგორც მის საეჭვო კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ისე ჩინურ მულტინაციონალურ კომპანიასთან დაკავშირებულ კორუფციულ ბრალდებებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
პეტერ სიიარტო უნგრეთის საგარეო უწყებას თითქმის 12 წლის განმავლობაში, 2014 წლის სექტემბრიდან 2026 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა. მისი რუსეთთან კავშირები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით 2024 წლის მარტში მოექცა, როდესაც გამოცემა The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მჭიდრო ურთიერთობის შესახებ.
მოგვიანებით, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ სიიარტოსა და ლავროვს შორის არსებობდა მუდმივი, არაფორმალური საკომუნიკაციო არხი, რომლის მეშვეობითაც უნგრელი მინისტრი რუსულ მხარეს ევროკავშირის შიდა პროცესების შესახებ სენსიტიურ ინფორმაციას აწვდიდა. ამავე მასალების მიხედვით, სიიარტო, ლავროვს, რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დისთვის სანქციების მოხსნაში დაეხმარა.
წინასაარჩევნო პერიოდში პეტერ მადიარი საჯაროდ ადანაშაულებდა სიიარტოს უნგრეთისა და ევროპული ინტერესების ღალატში და აცხადებდა, რომ მისსა და ლავროვს შორის ურთიერთობა „აგენტისა და კურატორის საუბარს“ ჰგავდა. მადიარმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ საქმეს გამოიძიებდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ღალატი უნგრეთის კანონმდებლობით უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტიის დამარცხების შემდეგ, სიიარტო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა. ცოტა ხნის წინ მან უარი თქვა პარლამენტის წევრის მანდატზე და მუშაობა ელექტრომობილების უმსხვილეს მწარმოებელ ჩინურ კომპანია BYD-ში დაიწყო.

„BYD ბოლო 20 წლის განმავლობაში საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი უდიდესი წარმატების ისტორიაა. დღეიდან მე გავაგრძელებ მუშაობას ჯგუფის საგარეო ურთიერთობებსა და ახალი ბიზნესხაზების განვითარებაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე“, - დაწერა სიიარტომ Facebook-ზე 15 ივლისს.
პრემიერ-მინისტრ მადიარის განცხადებით, ეს ფაქტი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში კორუფციად შეფასდებოდა, რადგან მინისტრობის პერიოდში სიიარტო პირადად ლობირებდა სწორედ ამ ჩინური კომპანიისთვის ასობით მილიარდი ფორინტის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიის გამოყოფას.
16 ივლისს გამართულ სამთავრობო ბრიფინგზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ სამართალდამცავი ორგანოები სიიარტოს საქმეს უკვე სწავლობენ. მადიარის განცხადებით, საქმეში ფიგურირებს „საიდუმლო დოკუმენტები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მასალები და სხვა სახის მტკიცებულებები“. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რათა გამოძიების პროცესზე გავლენა არ მოახდინოს.
უნგრეთის მთავრობაში ყოფნის დროს პეტერ სიიარტო ევროკავშირის ფორმატებში ხშირად იცავდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციებს. ის საჯაროდ იძლეოდა გარანტიას, რომ უნგრეთი ბრიუსელში არ დაუშვებდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე ტიპის შეზღუდვების ამოქმედებას. სიიარტო ამტკიცებდა, რომ სავიზო შეზღუდვები და პერსონალური სანქციები პირდაპირი ჩარევა იყო ქვეყნის შიდა საქმეებში. მაშინ, როდესაც ევროკავშირში განიხილებოდა საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი, სიიარტომ ამ იდეას „აღმაშფოთებელი“ და „სისულელე“ უწოდა. მისი განცხადებით, უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების სანქცირებულთა სიაში შეყვანას.
