უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „მის მიერ ომში მყოფი სახელმწიფოს რეალობის სრული გაუგებრობის“ გამო მიიღო. გარდა ამისა, სიბიგამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენა ირინა ბოროვეცი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„უკრაინის ელჩის მუშაობის ეფექტურობის ძალიან მკაფიო კრიტერიუმები გავაჟღერე. ეს არის კონკრეტული შედეგი, გამბედაობა და პროაქტიულობა. ომში მყოფი ქვეყნის ელჩები არ შეიძლება მოწყვეტილნი იყვნენ ომის რეალობას. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის უკან გაწვევა“, - დაწერა სოციალურ ქსელში ანდრეი სიბიგამ უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ძალიან კარგად იცის, რაც ნიშნავს ელჩად მუშაობა და როგორ შეიძლება საქმის უფრო ეფექტურად კეთება.
„დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მე მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, - განაცხადა სიბიგამ.
სიბიგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დმიტრო კულება შეცვალა.
ორ წელზე მეტია უკრაინას საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის 1-ელ მარტს, რუსეთის შეჭრიდან მალევე, კონსულტაციებისთვის გაიწვია, რის მიზეზადაც საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეების დაბრკოლება და სანქციების მიმართ „ამორალური პოზიცია“ დაასახელა. იმავე წლის ივნისში დოლგოვი ოფიციალურად გათავისუფლდა ელჩის თანამდებობიდან.
დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინმა 2024 წლის აგვისტოში, სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ იმ დროს, როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან „გაუგებარი რიტორიკა“ წამოვიდა. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. [...] უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე. ამისთვის საჭიროა გარკვეული უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილება, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ბურთი, როგორც ამბობენ, ამჟამად მოედნის ქართულ ნახევარშია“, - ამბობდა ხარიშინი.
