აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინას აიძულებს, დათმოს აღმოსავლეთში ტერიტორიები, შეზღუდოს თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა და დათანხმდეს, რომ ნატოში არასდროს გაწევრიანდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა გამოცემა Axios-მა გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტი პროექტია, რომლის ავთენტურობა უკრაინელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.
გეგმაში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი „აღიარებული იქნება დე ფაქტო რუსეთის ტერიტორიად“, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები გაიყოფა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, უკრაინა გაიყვანს თავის ჯარებს დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს, ეს ზონა ბუფერული ზონის ფუნქციას შეასრულებს და რუსეთის ტერიტორიად ჩაითვლება. გეგმის მიხედვით, რუსეთი უარს იტყვის მის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის ოთხი რეგიონისა და ყირიმის მიღმა აკონტროლებს. გეგმაში პირველად არის ნახსენები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
ტრამპის გეგმა სრულად:
- უკრაინის სუვერენიტეტი დადასტურდება.
- რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება. ბოლო 30 წლის ყველა კონფლიქტი მოგვარებულად ჩაითვლება.
- მოსალოდნელია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე არ შეიჭრება და ნატო კიდევ უფრო არ გაფართოვდება.
- რუსეთსა და ნატოს შორის გაიმართება დიალოგი, შეერთებული შტატების შუამავლობით, უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაფართოვდეს თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები.
- უკრაინა მიიღებს საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შემოიფარგლება 600 000 ადამიანით. (Axios-ი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად უკრაინის ჯარი 800 000 - 850 000 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, ომამდე კი დაახლოებით 250 000 სამხედრო ჰყავდა).
- უკრაინა თანახმაა, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ის ნატოში არ შევა, ხოლო ნატო თანახმაა, თავის წესდებაში შეიტანოს პუნქტი, რომ უკრაინას მომავალში არ მიიღებენ.
- ნატო თანხმდება, რომ უკრაინაში თავისი ჯარები არ განალაგოს.
- ევროპული ავიაგამანადგურებლები პოლონეთში განლაგდებიან.
- აშშ-ის გარანტია:
- აშშ მიიღებს კომპენსაციას მოცემული გარანტიისთვის;
- თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში, ის დაკარგავს გარანტიას;
- თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, გადამწყვეტი, კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, გაუქმდება ახალი ტერიტორიების აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი;
- თუ უკრაინა უმიზეზოდ გაუშვებს რაკეტას მოსკოვის ან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით უსაფრთხოების გარანტია ძალადაკარგულად ჩაითვლება.
- უკრაინას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების უფლება და ამ საკითხის განხილვის პერიოდში მიიღებს მოკლევადიან შეღავათიან წვდომას ევროპულ ბაზარზე.
- უკრაინის აღსადგენად ღონისძიებების მძლავრი გლობალური პაკეტი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:
- „უკრაინის განვითარების ფონდის“ შექმნა, რომელიც ინვესტიციებს განახორციელებს სწრაფად მზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში;
- აშშ-ის თანამშრომლობა უკრაინასთან უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის, მათ შორის მილსადენებისა და საცავების ერთობლივი აღდგენის, განვითარების, მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის მიზნით;
- ომით დანგრეული ტერიტორიების აღდგენის ერთობლივი ძალისხმევა ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიზნით;
- ინფრასტრუქტურის განვითარება;
- მინერალების და ბუნებრივი რესურსების მოპოვება;
- მსოფლიო ბანკის მიერ ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად სპეციალური დაფინანსების პაკეტის შემუშავება.
- რუსეთი გლობალურ ეკონომიკაში ხელახლა ინტეგრირდება:
- სანქციების მოხსნა ეტაპობრივად და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და შეთანხმდება;
- შეერთებული შტატები დადებს გრძელვადიან ეკონომიკურ თანამშრომლობის შეთანხმებას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკაში იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორატიული შესაძლებლობების სფეროებში ურთიერთგანვითარებისთვის;
- რუსეთი კვლავ მიწვეული იქნება დიდი რვიანის ჯგუფში (G8).
- გაყინული თანხები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად:
- 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გაყინული რუსული აქტივები ჩაიდება აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინაში მიმდინარე აღდგენის და საინვესტიციო ძალისხმევაში;
- აშშ მიიღებს ამ ოპერაციიდან მიღებული მოგების 50%-ს;
- ევროპა 100 მილიარდ აშშ დოლარს შეიტანს უკრაინის აღდგენისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციების რაოდენობის გასაზრდელად. გაყინული ევროპული სახსრები განიბლოკება. გაყინული რუსული სახსრების დარჩენილი ნაწილი ინვესტირდება ცალკე აშშ-რუსეთის საინვესტიციო ინსტრუმენტში, რომელიც განახორციელებს ერთობლივ პროექტებს კონკრეტულ სფეროებში. ეს ფონდი მიმართული იქნება ურთიერთობების განმტკიცებისა და საერთო ინტერესების გაზრდისკენ, რათა შეიქმნას ძლიერი სტიმული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
- ამ შეთანხმების ყველა დებულების განხორციელების ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება აშშ-რუსეთის ერთობლივი უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი.
- რუსეთი თავის კანონმდებლობაში ევროპისა და უკრაინის წინააღმდეგ თავდაუსხმელობის პოლიტიკას გაითვალისწინებს.
- შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულებების, მათ შორის START I-ის ხელშეკრულების, გახანგრძლივებაზე.
- უკრაინა თანახმაა, დარჩეს არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.
- ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად გადანაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის - 50/50.
- ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებსა და საზოგადოებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ურთიერთგაგების, სხვადასხვა კულტურის მიმართ ტოლერანტობის ხელშეწყობას და რასიზმისა და ცრურწმენების დაძლევას:
- უკრაინა მიიღებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ ევროკავშირის წესებს;
- ორივე ქვეყანა შეთანხმდება ყველა დისკრიმინაციული ზომის გაუქმებაზე და უკრაინული და რუსული მედიისა და საგანმანათლებლო სისტემების უფლებების გარანტირებაზე;
- ყველა ნაცისტური იდეოლოგია და მასთან დაკავშირებული საქმიანობა უნდა იქნას უარყოფილი და აკრძალული;
- ტერიტორიები:
- ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე-ფაქტო აღიარებული იქნება რუსეთის ტერიტორიად, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ;
- ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს დე-ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ;
- რუსეთი უარს იტყვის სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის ხუთი რეგიონის გარეთ აკონტროლებს;
- უკრაინული ძალები გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ; ის ჩაითვლება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის კუთვნილი. რუსული ძალები ამ დემილიტარიზებულ ზონაში არ შევლენ.
- სამომავლო ტერიტორიულ შეთანხმებებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიები არ იმოქმედებს.
- რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას მდინარე დნეპრის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებაში და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი ტრანსპორტირების შესახებ.
- გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი:
- ყველა პატიმარი და დაღუპულთა ცხედრები გაიცვლება პრინციპით „ყველა ყველაზე“;
- დაბრუნებული იქნება ყველა სამოქალაქო პირი, რომელიც მძევლადაა აყვანილი და პატიმარი, მათ შორის ბავშვები;
- განხორციელდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა;
- მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად.
- უკრაინაში არჩევნები 100 დღეში გაიმართება.
- ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და აიღებს ვალდებულებას, რომ მომავალში არ წამოჭრის რაიმე პრეტენზიას ან არ განიხილავს რაიმე საჩივარს.
- ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მშვიდობის საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. დარღვევებისთვის სანქციები დაწესდება.
- როგორც კი ყველა მხარე დაეთანხმება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ორივე მხარე უკან დაიხევს შეთანხმებულ პუნქტებზე, რათა დაიწყოს შეთანხმების განხორციელება.
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის მთავრობაზე ინტენსიურ ზეწოლას ახდენს იმ იმედით, რომ კიევი უახლოეს დღეებში დათანხმდება სამშვიდობო გეგმის დამტკიცებას. როგორც უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ თეთრ სახლში მოელიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმებას მადლიერების დღემდე, 27 ნოემბრამდე მოაწერს ხელს.
„სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მონაწილეობით.
