UK საქართველოს: გააძლიერეთ ძალისხმევა რუსული ჩრდილოვანი ფლოტით იმპორტის აღსაკვეთად

დიდი ბრიტანეთი ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გუშინ, 18 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებს, მათ შორის „რუსნეფტს“. ამ კომპანიამ ოქტომბერში საქართველოში ნავთობი შემოიტანა და ყულევის ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაწოდა.

დიდი ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი სანქციების მთავარი სამიზნე რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად.

„გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას. 

ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავდა რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს. თუმცა,რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობკომპანიების დასანქცირებით, ჩვენ ვუახლოვდებით დარჩენილ 17%-ს.

მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. „ჩრდილოვანი ფლოტი“ არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას“, – ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის შემდეგ საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე კიდევ უფრო გაიზარდა.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგო უსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგო პარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.