თურნავა სანქციებზე: ბანკებმა ქართული კანონმდებლობით უნდა იმოქმედონ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათიამ თურნავა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ქართული კანონმდებლობის მიხედვით უნდა იმოქმედონ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას.

იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - განაცხადა თურნავამ „იმედთან“.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტივის“ ფინანსური სანქციები 24 თებერვალს დაუწესა, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო. აღნიშნულ ტელევიზიებს შეეხებათ აქტივების გაყინვა, რაც გულისხმობს სახსრებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში, ასევე ინვესტიციების აკრძალვას და საბანკო ურთიერთობების შეწყვეტის მითითებებს. დიდი ბრიტანეთში ნებისმიერ პირს ეკრძალება ფინანსური ტრანზაქციები დასანქცირებულებთან.

25 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებენ ტელეკომპანიების დასაცავად. „ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება“, - თქვა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა სასანქციო რეჟიმების აღსრულების წესში ცვლილება 2023 წლის სექტემბერში შეიტანა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. თურნავას ბრძანების მიხედვით,  საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ „დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“. მაშინ „საქართველოს ბანკმა“, „თიბისიმ“ და „ლიბერთი ბანკმა“ გამოაცხადეს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების რეჟიმს ემორჩილებოდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.