კობახიძე: „იმედში“ და „პოსტივიში“ არცერთ ჟურნალისტს არ გაუუარესდება მდგომარეობა

„არასერიოზულია, სამარცხვინოა“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის თავრობის გადაწყვეტილება, დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ქართული ტელეკომპანიების, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირების შესახებ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად მიიჩნეოდა - სწორედ აქ იწყება ადამიანის უფლებების ისტორია, ინგლისში, ისტორიულად - და დღეს არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა“, - განაცხადა კობახიძემ დღეს, 25 თებერვალს, ჟურნალისტებთან.

„ქართული ოცნების“ პრემიერმა ბრიტანული სანქციები მედიის თავისუფლების შეზღუდვის „აბსოლუტურად ფუჭ“ მცდელობად შეაფასა.

„ფურცელზე, ეს არის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. [...]

დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის უფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“ , ისე ტელეკომპანია „პოსტივიში“. ამაზე ვიღებთ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა და პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისთვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია“, - თქვა კობახიძემ.

მას არ დაუკონკრეტებია, რა ზომების მიღებას აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება: „ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული“.

კობახიძის განცხადებით, კერძო და სახელმწიფო კომპანიებმა დასანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ.

24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“ (POSTV), როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ“ ორგანიზაციებს, ფინანსური სანქციები დაუწესა.

ტელევიზიების დასანქცირების საფუძვლად მითითებულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ორივე ტელევიზია „რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

სანქციების ფარგლებში, „იმედსა“ და „პოსტივის“ შეეხებათ აქტივების გაყინვა, რაც გულისხმობს სახსრებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში, ინვესტიციების აკრძალვას და საბანკო ურთიერთობების შეწყვეტის მითითებებს. დიდი ბრიტანეთში ნებისმიერ პირს ეკრძალება ფინანსური ტრანზაქციები დასანქცირებულ კომპანიებთან.

ტელეკომპანია „იმედს“ წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია „ჰანიველ პარტნერსი“ (Hunnewell Partners) ფლობდა. სანქციების გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე „იმედი“ სიმბოლურ ფასად გაიყიდა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ „ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.