რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდება და პლენუმის ფორმატში განიხილება. სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღეს განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას „გონივრულ ვადებში“ მიიღებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„თქვენ გინდათ კონკრეტული თარიღი გითხრათ, მაგრამ უფლებამოსილი არ ვარ, რადგან არ ვიცი ჩემი კოლეგების პოზიცია. გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში იქნება მიღებული. კანონი არა მარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლის კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას ერთ თვემდე მაინც დასჭირდება. ვადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. ამ ეტაპზე მოსამართლეები სარჩელებს სწავლობენ“, - თქვა ტურავამ მედიასთან.
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების შეფასებით, „ეს არის რუსული კანონი და ჩვენ პირდაპირ წავალთ რუსეთში“, ტურავამ განაცხადა:
„ვნახავთ, წავიკითხავთ… რომელ რუსეთში? ჩრდილოეთისკენ? რა ვიცი, მე ყოველი შემთხვევისთვის ასეთი მიმართულება ჩემი თავისთვის და ჩემი ქვეყნისთვის არ მიმიცია. არ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიზანი, იდეა იყოს ჩრდილოეთისკენ სვლა. წლების მანძილზე ვიყავი სტიპენდიანტიც, მქონდა პრემიაც და სხვადასხვაგვარი უცხოური დაფინანსება“.
დღეის მდგომარეობით, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია წარდგენილი. პრეზიდენტის, 121 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელების შემდეგ, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მიმართა.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელეები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების გამოყენებას და 3 სექტემბერს კანონის ამოქმედების შეჩერებას ითხოვენ.
