„ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ მის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის მიერ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„მე ვარ დასანქცირებული. რატომ ვარ მიუღებელი?! მე ხომ არაფერი დამიშავებია?! იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ მე ვარ განსხვავებული, რომ მე მაქვს განსხვავებული აზრი, რომ არ გეთანხმები, გაკრიტიკებ, რომ მე ისეთი რიტორიკა მაქვს, რომელიც შენ გაწუხებს. გეუბნები, რომ მე, ევროპელი, ქართველი, რომელიც შენთან ერთად გავიზარდე ერთ ევროპაში, ერთ ღირებულებებზე - ბატონი მაკრონი [საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - რედ.] ჩემზე უმცროსია, ჩემს შემდეგ კურსზე იყო - მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, ორგანიზმში არის ვირუსი და შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით.
ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება. იარლიყების ეპოქა ყველა ქვეყანაში არის საშიში ეპოქა“, – განაცხადა წულუკიანმა პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თეა წულუკიანმა, არ გამორიცხა, რომ სანქციების დაწესება მომავალშიც გაგრძელდება და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ის „რომელიღაც მინისტრს“ შეეხოს და არა რიგით მოქალაქეს.
„ჩვენი ფუნქციაა, რომ თუ ეს იარლიყები მაინც უნდა იყოს, იყოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ეს არ გავრცელდეს სხვა მოქალაქეებზე. ამას ჩვენ შევძლებთ მომავალ წელს თუ ვერ, წინასწარ ძნელია ითქვას, მაგრამ
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, მაგალითად, უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს, მაგალითად, პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების 200-ზე მეტი წარმომადგენლის წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციები დაწესებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ცალკეულ, ძირითადად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. სანქცირებულთა დიდი ნაწილის ვინაობა გასაჯაროვდა.
აშშ-მა სავიზო შეზღუდვები 110-ზე მეტ პირს დაუწესა, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ჩინოვნიკებს, კორუმპირებულ ბიზნეს ლიდერებს, პროპაგანდისტებს, ზოგიერთ კერძო მოქალაქეს და ყველა ამ პირის ოჯახის წევრებს. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა ვიზის კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობის გამო.
2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. გასულ წელს, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო, აშშ-მა „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და „ხარებას მოადგილეები - მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე. რამდენიმე თვეში ყველა მათგანი თანამდებობებიდან მოხსნეს.
გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 13 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე“.
ჩეხეთის მთავრობამ დაასანქცირა „ქართული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი“ - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამ მოსამართლე და პროკურორი, ასევე, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა.
ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა 100-ზე მეტ ქართველ მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირს აუკრძალა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. სავიზო სანქციები დაწესებული აქვს ლიეტუვასა და ლატვიასაც.
