ვენესუელის მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც გააკეთეს. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ვენესუელის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების კანონიერება არ საჭიროებს საქართველოს მხრიდან შეფასებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს რაც ვენესუელაში ხდება იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება. სამინისტრომ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს.
ცხინვალში „ოცნების“ ხელისუფლების ამ განცხადებას „ყავის ნალექზე მკითხაობა“ უწოდეს და თბილისს რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობების აღიარებისკენ მოუწოდეს.
„ვენესუელის ბოლივარიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთის ფედერაციისა და ნიკარაგუას რესპუბლიკის კვალდაკვალ, უპასუხა აღიარების შესახებ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობების მოთხოვნას და რომელმაც დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტია, ეჭვგარეშეა.
ვენესუელის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების კანონიერება არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და, უფრო მეტიც, არ საჭიროებს შეფასებას მესამე მხარისგან, რომელიც საერთაშორისო კომისიის გამოძიების შედეგებით აღიარებულია, როგორც აგრესორი სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისთვის.
ჩვენი ურთიერთობები ლათინური ამერიკის ქვეყანასთან საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა აგებული და უზრუნველყოფილია ორმხრივი შეთანხმებებით. სამხრეთ ოსეთი აგრძელებს ვენესუელელ კოლეგებთან კონტაქტს და გამოთქვამს სიტუაციის სწრაფი ნორმალიზების იმედს.
ყავის ნალექზე მკითხაობის ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდებთ თბილისს იყოს კონსტრუქციული და აღიაროს რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობები, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“, – ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც აშშ-ის მიერ ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავება სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აგრესიად და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა. სოხუმში აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავენ, ხოლო „განცხადებები, რომლებიც ეხება ე.წ. არაღიარების პოლიტიკას ან იმ სახელმწიფოების გადაწყვეტილებების შესაძლო გადახედვას, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იურიდიულად უსაფუძვლოა და არ უწყობს ხელს რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას“.
ვენესუელამ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ 2009 წელს, უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს აღიარა.
