ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა“ საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს. სოხუმში ასე ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც გამოთქმულია იმედი, რომ ვენესუელა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გააუქმებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ოდისეი ბიგვავას განცხადებით, ქართული პოლიტიკური სპექტრის ცალკეული წარმომადგენლების მცდელობები, საერთაშორისო პროცესების ინტერპრეტირება საკუთარი პოლიტიკური მოლოდინებიდან გამომდინარე მოახდინონ, ობიექტურად არ ასახავს შექმნილ რეგიონულ და საერთაშორისო რეალობას.
„განცხადებები, რომლებიც ეხება ე.წ. არაღიარების პოლიტიკას ან იმ სახელმწიფოების გადაწყვეტილებების შესაძლო გადახედვას, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იურიდიულად უსაფუძვლოა და არ უწყობს ხელს რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ბიგვავამ და აღნიშნა, რომ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება რიგი სახელმწიფოების, მათ შორის ვენესუელის მიერ, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელების სუვერენული უფლების გამოყენებაა.
„აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზანად არ მიიჩნევს. ძირითადი აქცენტი კეთდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაზე, უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებაზე, რომლებიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე. რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთში სტაბილურობისა და განვითარების განმტკიცებას მისი ხალხის ნების ჩანაცვლების გარეშე“, – განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, როგორც ოდისეი ბიგვავამ აღნიშნა, „ღიაა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობების აღიარების პრინციპების დაცვის პირობით“.
ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავება სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აგრესიად და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი აშშ-მა სამხედრო ოპერაციის შედეგად კარაკასში 3 იანვარს დააკავა. ამჟამად ისინი ნიუ-იორკში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას მისი ადმინისტრაცია მართავს მანამ, სანამ ხელისუფლების „უსაფრთხო, სათანადო და გონივრული გადაცემა“ არ მოხდება.
4 იანვარს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს რაც ხდება იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულია რუსეთის (2008), ნიკარაგუის (2008), ნაურუს (2009), ვენესუელისა (2009) და სირიის (2018) მიერ.
