ცხინვალის რეჟიმი ხვალ, ერგნეთში, კვლავ დააყენებს ქართული პოლიციის საგუშაგოს აღების საკითხს

ეგორ კოჩიევი

ხვალ, 18 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი, 128-ე შეხვედრა გაიმართება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იქნება „სამხრეთ ოსეთში, სოფელ უისტაში, 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან უკანონოდ განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი“. საუბარია ჩორჩანაში არსებულ პოლიციის საგუშაგოზე.

„მონაწილეები ასევე განიხილავენ სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებს და გააანალიზებენ წინა შეხვედრის შემდეგ საზღვრის დარღვევის მონაცემებს“, - აცხადებს დე ფაქტო ხელისუფლება.

IPRM-ის ფარგლებში რიგით 127-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნის და „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან“ გატანის „სერიოზული იმედები“ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ხელმძღვანელს, ოპოზიციური პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბრალდება წარუდგინა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ“, რითაც „განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს“. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ გახარიას ქმედების შედეგად „საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე“.

გიორგი გახარიას თანაპარტიელისა და ადვოკატის, ბერდია სიჭინავას შეფასებით, „ჩორჩანას საქმე“ საქართველოს ეროვნული ინეტერსების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ორად ორი უწყებაა, რომელიც პრეტენზიას უყენებს გიოგი გახარიას ამ საქმესთან დაკავშირებით - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურა, სადაც ასევე მიმდინარეობს გამოძიება და ქართული პროკურატურა, რომელიც რეჟიმს ემსახურება“, - თქვა სიჭინავამ.

გახარიას ავოკატის თქმით, ეს საქმე პირობითად რამდენიმე ნაწილად იყოფა და იწყება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრების - ვატო შაქარიშვილის, ნანა კაკაბაძის, ბიძინა გიორგობიანის, გელა ნიკოლაიშვილისა და ლევან ნიკოლეიშვილის ჩვენებებით. სიჭინავა მათ „დამბეზღებლებად“ მოიხსენიებს.

„შემდეგ არის უკვე მოწმეების ჩვენებები. თურმე ცხინვალის საოკუპციო რეჟიმისგან გაიგო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა [ვახტანგ გომელაური], რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იგეგმებოდა. მოწმეების ჩამონათვალში არიან ლევან იზორია, ჩიჩიბაია, სუჯაშვილი და ა.შ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ედავებიან, ფაქტობრივად, გიორგი გახარიას, მაგრამ ბრალის დადგენილებაში ეს არ არის“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პოლიციის საგუშაგო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. მას ოკუპირებული სოფელი წნელისი (უისტა) ესაზღვრება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგო უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განთავსდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.