„საქართველო აღიარებს შეცდომას“ - ცხინვალში იმედოვნებენ, რომ ჩორჩანის საგუშაგო გაუქმდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებას „სერიოზული იმედები“ აქვს, რომ სოფელ ჩორჩანაში 2019 წლის აგვისტოს ბოლოს განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს დემონტაჟი მოხდება. ამის შესახებ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საგუშაგოს მოხსნის საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთი რეგულარულად აყენებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე. იგორ კოჩიევის თქმით, საკითხის სირთულის მიუხედავად, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

„არსებობს სერიოზული იმედები, რომ ამ ქართულ პოსტს მოხსნიან და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაიტანენ“, - თქვა კოჩიევმა რიგით 127-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ეს იმედები პირველ რიგში დაკავშირებულია შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც ახლა საქართველოში ყალიბდება. იგორ კოჩიევმა ახენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებები, რომ საგუშაგოს განთავსება „სერიოზული შეცდომა“ იყო.

„ვხედავთ საქართველოს მხრიდან შემოსულ სიახლეებს, მათ შორის ქვეყნის ხელმძღვანელობის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ამ საგუშაგოს განთავსება სერიოზული შეცდომა იყო. შესაძლოა ეს მხოლოდ შიდაპოლიტიკური ბრძოლაა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ პრობლემაზე საჯაროდ საუბრობს და აღიარებს თავის შეცდომას, გარკვეულ იმედებს აჩენს“, - დასძინა კოჩიევმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, ქართული პოლიციის საგუშაგო 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნა, როდესაც შს მინისტრი გიორგი გახარია იყო. საგუშაგო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. მას ოკუპირებული სოფელი წნელისი ესაზღვრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგო უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განთავსდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამჟამად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას საპოლიციო საგუშაგოს თვითნებურად გახსნასა და ახალი ომის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ. ამ საკითხზე გახარია პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც გამოჰკითხა.

„ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს“, - თქვა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა 2 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას.

პროკურატურაში საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით, გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები გამოიკითხნენ. ბოლო რამდენიმე თვეა, გახარია ევროპაში იმყოფება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.