წილოსანი: ჩემთვის ალბათ არ იქნება მისაღები დებატები ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან

„ქართული ოცნება“ სატელევიზიო პოლიტიკური დებატების „უსაფრთხო ფორმატზე“ მუშაობს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

წილოსანის თქმით, მისთვის „ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან“. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახალის“ აკრძალვას ითხოვს. 

„ეს ჩემთვის იქნება ერთ-ერთი პირობა, რომელსაც დებატებში მონაწილეობის დროს ვიტყვი. თუმცა, ჩვენი, მთლიანად პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო საზოგადოებისთვის. არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ. ვიცით, რომ ასეთი ეთერებისთვის, ალბათ, ძალიან ბევრს გადაიხდიდნენ ის პარტიული ტელევიზიები, რადიკალები, ვინც ამგვარ ეთერებს აწყობენ. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სტანდარტის და ეთიკის ფარგლებში მოხდეს დებატების აღდგენა და ჩვენი გუნდი მუშაობს ამ პრინციპებზე, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს“, – უთხრა წილოსანმა ჟურნალისტებს.

ბიძინა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები წლებია ბოიკოტს უცხადებენ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს და მათ პროგრამებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. ნინო წილოსანის თქმით, ეს მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.

„იყო თუ არა თავის დროზე შეცდომა, რომ ჩვენ თავადვე ვიყავით ამის მონაწილე, რომ უკვე დებატები აღარ იმართებოდა, მე ვიტყვი, რომ ჩვენ მაშინ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რომ მათივე მოფიქრებულ ავანტიურაში და არასწორ კამპანიაში არ მივიღეთ მონაწილეობა. მათი მიზანი იყო, რომ მედიის მეშვეობით, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მეშვეობით, მაქსიმალური დაპირისპირება დაეორგანიზებინათ“, – აღნიშნა წილოსანმა.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვალდებული არიან ქართველ ხალხს „დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება“ დაუბრუნონ. იმავე განცხადებაში კობახიძემ მედიის ნაწილი მოიხსენია როგორც სრულად მარგინალიზებული, პარტიულ დანაყოფი, რომელსაც „არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან“.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობაა, რომ დებატებს ჰქონდეს „ჯანსაღი ფორმა“ და ერთადერთი მიზანი - საზოგადოებისთვის „სათანადო ინფორმაციის“ მიწოდება. როგორც მან აღნიშნა, თავადაც მზადაა, ასეთ დისკუსიებში ჩაერთოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.