თეთრი სახლის ცნობით, ირანში 800 სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულება შეჩერდა

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა, განაცხადა, რომ ირანში 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა იგეგმებოდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ, შეჩერდა. მას ამ ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პრეზიდენტმა დღეს შეიტყო, რომ გუშინ დაგეგმილი 800 სიკვდილით დასჯა გაუქმდა, ამიტომ პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და ყველა ვარიანტი ღია რჩება“, - თქვა ლევიტმა ხუთშაბათს ყოველდღიურ ბრიფინგზე.

როგორც კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, ტრამპმა ირანს ნათლად განუცხადა, რომ „თუ მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება“.

აშშ-ისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ცნობით, ირანის ხელისუფლებას პირველი მომიტინგის, 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯას 14 იანვარს გეგმავდა. 15 იანვარს ირანის სასამართლომ ეს ინფორმაცია საერთოდ უარყო და განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებასა“ და რეჟიმის წინააღმდეგ „პროპაგანდისტულ საქმიანობას“ ედავებიან, რაზეც, ირანის კანონმდებლობის თანახმად, სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Hengaw კი, ნათესავებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა არსებული შეშფოთების გამო გადაიდო. იგივე ინფორმაცია გაავრცელა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „საერთოდ არანაირი ჩამოხრჩობა არ იგეგმება“. ინტერვიუს დროს არაღჩიმ უსაფუძვლო უწოდა ათასობით მოკლული დემონსტრანტის შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, დაღუპულთა რიცხვი ასეულებია. მან ხალხისა და უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების დახოცვაში „გარედან“ შესული „ტერორისტული ელემენტები“ დაადანაშაულა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა აზიზ ნასირზადემ, სახელმწიფო მედიას უთხრა, რომ ირანი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას „შეიარაღებული, სასტიკი ტერორისტების ჩასახშობად“.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) თანახმად, საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ინფლაციის მკვეთრი ზრდით და აშშ დოლართან მიმართებაში ირანული რიალის ვარდნით იყო გამოწვეული, 2600-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული, რომელთა შორის, 150 უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელია. დაკავებულთა რაოდენობა 19 000-ს აღემატება.

საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ხელისუფლება მათ დიდ თანხებს სთხოვს ცხედრების დაბრუნების სანაცვლოდ. რამდენიმე წყაროს თანახმად, ცხედრები მორგებსა და საავადმყოფოებშია მოთავსებული და უსაფრთხოების ძალები მათ ნათესავებს არ ატანენ, თუ ფულს არ გადაიხდიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.