ირანის ხელისუფლებას ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ აქვს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჟურნლისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 6 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
„არც დღეს, არც ხვალ და საერთოდ ჩამოხრჩობა არ არის დაგეგმილი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არანაირი ჩამოხრჩობა არ იგეგმება. ჩამოხრჩობა გამორიცხულია. ეს დეზინფორმაციის კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია“, - უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია Fox News-ს.
მანამდე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. 14 იანვარს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ირანში მკვლელობები წყდება“.
„სიკვდილით დასჯა არ იგეგმება. მე მითხრეს, რომ ეს სანდო წყაროებიდან არის ცნობილი. ისინი არ განახორციელებენ სიკვდილით დასჯას, რომელზეც ბევრი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდა. დღეს სიკვდილით დასჯის დღე უნდა ყოფილიყო“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მომიტინგეებს ჩამოახრჩობის შემთხვევაში, აშშ ირანის წინააღმდეგ „ძალიან მკაცრ ზომებს“ მიიღებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 14 იანვარს დაგეგმილი იყო საპროტესტო აქციების მონაწილის, 26 წლის ერფან სულთანის სიკვდილით დასჯა.
ირანის მასშტაბით ანტისამთავრობო დემონსტრაციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. პროტესტმა თავდაპირველად თეირანის დიდ ბაზარში იფეთქა, სადაც მაღაზიების მეპატრონეები ინფლაციის ზრდას, ვალუტის კურსის ვარდნასა და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით აქციები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის დამხობისკენ მოწოდებებში გადაიზარდა.
ირანის ხელისუფლებამ აქციები სასტიკად ჩაახშო. როგორც საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა Fox News-ს განუცხადა, დღეს მისი მთავრობა ვითარებას სრულად აკონტროლებს.
„სამდღიანი ტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ახლა სიმშვიდეა. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას“, - თქვა არაღჩიმ.
ამასთან, აბას არაღჩიმ უსაფუძვლო უწოდა ათასობით მოკლული დემონსტრანტის შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, დაღუპულთა რიცხვი ასეულებია. „ზუსტი რიცხვი ჩვენი ხელისუფლების მიერ მალე გამოცხადდება“, - დასძინა მან.
Fox News-ის წამყვანმა არაღჩის უთხრა, რომ სხვადასხვა შეფასებით, ირანში დაღუპულთა რაოდენობა 2500-დან 12000-მდე მერყეობს.
„როდესაც ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ გარედან ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართ სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული უჯრედები. ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ (ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ - რედ.) სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ.
მათ ხალხის დახვრეტა ერთი მიზეზით დაიწყეს, რათა დაღუპულთა რიცხვი გაეზარდათ. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ თუ მკვლელობები მოხდებოდა, ის ჩაერეოდა და მათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა სურდათ. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულებაა“, - თქვა არაღჩიმ.
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მათ მიერ დადასტურებულია 2403 მომიტინგისა და მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის დაღუპვის ფაქტი. HRANA-ს ცნობით, დაკავებულია 18 137 ადამიანი.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ 8 იანვრის საღამოდან მოყოლებული, ირანში ჩადენილი იქნა „უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივი უკანონო მკვლელობები“. ორგანიზაციის თანახმად, უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და გამვლელების წინააღმდეგ ლეტალური ძალის უკანონო გამოყენებას ადგილი ჰქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
