პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომლის თანაავტორობით ჩატარებული კვლევა თბილისში აქციების დასარბევად ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
ჟურნალისტურ მასალასთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
„ცდილობენ, რომ შიგნიდან, სისტემიდან გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ ჩვენ, რომ მერე თავიანთ ამომრჩეველს მიჰყიდონ ინფორმაცია, რომ „ეს ხალხი მიკერძოებულია“, – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.
ექიმმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.
„თანმხლები ზიანი: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების გართულებები მშვიდობიანი პროტესტების დროს ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას“ – ასე ჰქვია კვლევას, რომლის ხუთ ავტორს შორის კონსტანტინე ჩახუნაშვილი, მისი ძმა დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი არიან.
„ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში.
როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას, სახელმწიფოს საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება, იყოს შეფასებული კრიმინალად. თუმცა, მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას ადგენს, ეს არის შესაბამისი უწყების საქმე.
ეს იყო შეგნებულად მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება, მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
BBC-მ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საუბარია ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.
კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომელიც თავადაც არაერთხელ მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და წყლის ჭავლი მოხვდა, BBC-ის უთხრა, რომ კანი რამდენიმე დღის განმავლობაში „ეწვოდა“ და ეს შეგრძნება წყლით ვერ ირეცხებოდა. უფრო მეტიც, მისი თქმით, სახის დაბანის მცდელობისას მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდებოდა. ჩახუნაშვილმა სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა და მასში მონაწილეობა სთხოვა აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ასევე შეხება ჰქონდათ სპეცსაშუალებებთან. დაახლოებით 350 ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ ოცდაათ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში განუვითარდა ერთი ან მეტი გვერდითი მოვლენა. სიმპტომები მოიცავდა თავის ტკივილს, დაღლილობას, ხველას, ქოშინს და ღებინებას. კვლევის ფარგლებში, გამოკითხულ 69 ადამიანს გამოკვლევები ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ მათ გულის ელექტრულ სიგნალებში „ანომალიების მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელება“ აღენიშნებოდათ.
კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევა საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალ „ტოქსიკოლოგიის ანგარიშებში“ გამოსაქვეყნებლად დამტკიცდა. როგორც BBC-ი აღნიშნავს კვლევამ, დაადასტურა ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნა: წყლის ჭავლში სავარაუდოდ დამატებული იყო რაღაც ქიმიური ნივთიერება.
BBC-მ მოახერხა სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებული იყვნენ, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს - ის სხვა ქიმიურ ნაერთებს წყალში გაიხსნის საშუალებას აძლევს.
„ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ნამდვილად არ არის ის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე - რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“, - ამბობს კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდია.
„არსებული მონაცემები, დაზარალებულთა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდის ზემოქმედებას“, – განაცხადა ქიმიური იარაღის ექსპერტმა, კრისტოფერ ჰოლსტიგმა და გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული სპეციალური საშუალებით, როგორიც ცრემლსადენი გაზია. მისი თქმით, სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება ცრემლსადენი გაზის ეფექტს.
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღი“ უწოდა და საერთაშორისო სასამართლოებში ჩივილით დაემუქრა. პარტიაში განაცხადეს, რომ გამოქვეყნებული მასალა „სიცრუის კორიანტელია“ და წარმოადგენს მცდელობას, „ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია - საქართველოს სახელმწიფოებრიობას“.
