4 ოქტომბრის არჩევნების წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ოპოზიციონერი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თბილისის საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა დააკავა. ამ ეტაპზე მას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და სუს-ის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 30 სექტემბერს, ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდა, 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.
მაღრაძის თქმით, „მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით“, ზვიად კუპრავამ არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება – ივანიშვილად მოიხსენია.
„მან ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა – ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. [...] გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას“, - აღნიშნა მაღრაძემ.
ზვიად კუპრავა 30 სექტემბერს, Facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა:
„ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას: 4 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს.
დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე, ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა.
ალბათ, ვიღაც იფიქრებს, დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ მე ან ვინმე დაიჭიროს და მეორე, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი საკრებულოს წევრს დაიჭერს, მისი სტრატეგიული ამოცანა, მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, ის მაინც დაემხობა.
არის კიდევ მესამე გზა. თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფლები, მე, როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, გნებავთ ვაჭრობა დაარქვით, ბატონო ივანიშვილო - თქვენი საყვარელი საქმიანობა, გნებავთ მუქარად მიიღეთ. თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით“.
11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ქრთამის დაპირების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლითაც წარუდგინეს.
